საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა სამშობლოში. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართეს ჩერნოგორიაში, მასპინძელთა ნაკრებთან. პირველი 0:2 წააგეს, მეორე კი 2:0 მოიგეს. ვიდეომიმოხილვა კი ვნახეთ, მაგრამ საინტერესოა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები დაინახა ყიფიანმა.
გეცოდინებათ, 24 მარტს 19-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ჯგუფური მატჩები დაეწყებათ ესპანეთში, სადაც მეტოქეები ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი იქნებიან. ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც 11-24 ივლისს გერმანიაში გაიმართება.
worldsport.ge გიორგი ყიფიანს ესაუბრა:
- პირველ თამაშში გარკვეულ ექსპერიმენტებს მივმართეთ. ვნახეთ, რაში გვიჭირდა და რომელ ხაზში რა სამუშაოები იყო ჩასატარებელი. მეორე მატჩი კი ამ შეცდომების გაანალიზების შემდეგ უკეთ ჩავატარეთ და მოვიგეთ.
- ანუ, შემადგენლობა პირველ შეხვედრაში ექსპერიმენტული იყო და მეორეში ოპტიმალური?
- ასე ვერ ვიტყვი. ელიტრაუნდამდე ჯერ დროა და სისტემატურად დავაკვირდებით, ვინ როგორ წარმოაჩენს თავს თავის კლუბში, როგორ მზადყოფნაში იქნებიან ნაკრების ვარჯიშებზე. მანამდე ეროვნული ჩემპიონატის ტურებია და ვეცდებით, არ შევცდეთ არჩევანში, საუკეთესონი წავიყვანოთ ესპანეთში.
- მეორე მატჩის ვიდეომიმოხილვას რომ ვუყურეთ, მომენტებს ქმნიდა ჩვენი ნაკრები, მაგრამ ბევრი შანსიც გააცუდა.
- საერთოდ, ამ ორ შეხვედრაში ჩანდა, რომ ჩერნოგორია უფრო დაცვაზე იყო აქცენტირებული და კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშს. ჩვენ ჩვენი ამოცანა გვქონდა, შემტევ ფეხბურთს მივმართეთ. პირველ შეხვედრაშიც შეიძლებოდა დადებითი შედეგი მიგვეღო, მაგრამ მეტოქის სწრაფი შეტევები გაგვეპარა, ორი შეცდომა დავუშვით და ეს გოლებად დაგვიჯდა. უცხო თვალითაც რომ შეეხედა მაყურებელს, დაინახავდა, რომ საქართველოს ნაკრები ჩერნოგორიაზე უკეთესი გუნდი იყო.
- გიორგი არაბიძე (“შახტარი”) და გიორგი ბერიძე (“გენტი”) გაკლდათ ჩერნოგორიაში, რადგან ეს მატჩები ფიფას კალენდარულ დღეს არ იყო. ელიტრაუნდზე მათი ჩამოსვლა პრობლემა ხომ არ იქნება? უფრო არაბიძეზე გეკითხებით, რადგან “შახტარია” და შესაძლოა, ამხელა დონის კლუბმა ფეხბურთელის 19-წლამდელთა ნაკრებში გაშვება არ მოინდომოს რაიმე ხერხებით. ვიცით, რომ წესი წესია, მაგრამ კლუბები ხშირად მაინც თავისას ცდილობენ...
- ჩვენ ყველას ვაკვირდებით. არაბიძეს ტრავმა ჰქონდა და თებერვალში არ უთამაშია. ახლა ვიცი, რომ ვარჯიში დაიწყო. მოკლედ, ყველაფერი დამოკიდებულია ფეხბურთელებზე. თუ ჯანმრთელად და სათამაშო ტონუსში იქნებიან, რა თქმა უნდა, მათ დავეყრდნობით. არა მგონია, მათი ჩამოსვლა პრობლემა გახდეს.
- განვლილ მატჩებში რომელი სათამაშო რგოლი იყო შედარებით ძლიერი და რომელი – შედარებით სუსტი?
- საერთოდ, რგოლებად დაყოფა არ მიყვარს, რადგან მთლიანი გუნდის თამაშს ვაქცევ ყურადღებას. გუნდის მექანიზმი უნდა იყოს უწყვეტი, სწორედ ამაზე ვმუშაობთ.
- ვიცით, რომ სისტემატურად იკრიბებით ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები გია გეგუჩაძესთან ერთად, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცად და ასევე, ასაკობრივი ნაკრებების სპორტულ ხელმძღვანელედაც დაინიშნა.
- კომუნიკაცია, აზრების გაცვლა-გამოცვლა, ამა თუ იმ ფეხბურთელის მოქმედება, გუნდური პრინციპი – ეს ყველაფერი ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს. მოხარული ვარ, რომ ასეთი გეგმაზომიერი სამუშაო ტარდება. ეს აუცილებლად იმოქმედებს შედეგზე და მომავალი თაობის უკეთ წარმოჩენაზეც. ნაკრებების ერთიან სისტემაში მოქცევა სწორედ ამას ემსახურება.
- მეტოქეებზეც: მათი თამაშების ვიდეოფირები ნახეთ?
- დიახ, სამივე გუნდის. ესპანეთი ამ ასაკშიც საკმაოდ ძლიერია, ასევე ინგლისიც და საბერძნეთიც ძლიერი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ. შანსებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ოთხივე გუნდს ექნება. და ნამდვილად არ მივიჩნევთ თავს აუტსაიდერებად. ვფიქრობ, თანაბარი შანსი აქვს ყველას.
ელიტრაუნდის კალენდარი
24 მარტი: ესპანეთი-საბერძნეთი, ინგლისი – საქართველო
26 მარტი: ესპანეთი-საქართველო, ინგლისი – საბერძნეთი
29 მარტი: საქართველო – საბერძნეთი, ესპანეთი – ინგლისი