„დალას მავერიკსმა“ 1 კვირის წინ „დენვერს“ ოვერტაიმში მოუგო, დღეს კი ამავე გუნდთან ოვერტაიმში 114:116 წააგო. კოლორადოში გამართული მატჩი დალასელებს კარგა ხანს ცუდად დასწყვეტს გულს, რადგან თითქმის მოგებული თამაში წააგეს.
ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წამით ადრე „დალასი“ 106:102 იგებდა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ვილ ბარტონმა სირენამდე 7 წამით ადრე საჯარიმოები ჩააგდო და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. დარჩენილ დროში დენვერელებმა სტუმრებს ჩაუჭრეს და ემანუელ მუდიეის პასით კენეტ ფარიდმა დალასელებს გამთანაბრებელი ბურთი ჩაუტენა.
დამატებით დროში დირკ ნოვიცკის სამქულიანის შემდეგ „დალასი“ 111:108 დაწინაურდა, თუმცა 3 კვირის წინ „ოკლაჰომადან“ „დენვერში“ გადასულმა დიჯეი აუგუსტინმა ოვერტაიმში 8 ქულა ჩააგდო, აქედან 2 საჯარიმო დასრულებამდე 0.9 წამით ადრე და კოლორადოულ გუნდს გაამარჯვებინა.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 10 წუთი გაატარა. ამ მცირე დროში ქართველმა ცენტრმა 5 ცდიდან 2 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით, 2 მოხსნით და 1 დაფარებით დაასრულა. დალასელთა სასტარტოთაგან 35 წუთზე ნაკლები არავის უთამაშია და საუკეთესო შედეგი დირკ ნოვიცკიმ დააფიქსირა, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა. სათადარიგო ფორვარდ-ცენტრმა დევიდ ლიმ 26 წუთში 18 ქულა, 12 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა.
33 მოგებითა და 30 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს ინარჩუნებს, რადგან კონკურენტი „პორტლენდი“ დღეს მიჯრით მეორედ დამარცხდა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ხვალ, შინაურ არენაზე „კლიპერსთან“ გამართავს.
www.gbf.ge