საქართველოს მიმდინარე საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე წრის ბოლოსწინა ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს „მგზავრები“ და „სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. შეიძლება ითქვას, რომ „მგზავრები“ ზღვისპირელთათვის უხერხულ მეტოქედ იქცა, რადგან „სოხუმმა“ ამ გუნდთან მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ 2 შეხვედრა წააგო. ამჯერად, ვაჟა კვარაცხელიას შეგირდებს რევანშისათვის უნდა ეზრუნათ და ასეც მოხდა. დაძაბული შეხვედრა „სოხუმმა“ მოიგო 65:64, „ბათუმთან“ და „ქუთაისი-2010“-თან ერთად 32-32 ქულა დააგროვა და ამ გუნდებთან, რომლებიც ლიდერ „დინამოს“ 1 ქულით ჩამორჩებიან, მე-2 -მე-4 ადგილებს ინაწილებს.
"სოხუმისა" და "მგზავრების" შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საფინალო სირენამდე გაურკვეველი იყო თუ ვის დარჩებოდა გამარჯვება. თამაშის დასრულებამდე 9 წამით ადრე მდევრის როლში მყოფ „სოხუმს“ გამარჯვების მომტანი 2 ქულა ამერიკელმა ლეგიონერმა, მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა ფილიპ მილერმა მოუტანა.
მართალია მილერმა „სოხუმს“ გადამწყვეტი 2 ქულა მოუტანა, მაგრამ გამარჯვებაში ლომის წილი ცენტრალურმა თავდამსხმელმა სერგო ათუაშვილმა შეიტანა, რომელმაც 20 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. „მგზავრების“ შემადგენლობაში 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები უკანახაზელი კახა ჯინჭარაძე და ამერიკელი ცენტრალური თავდამსხმელი რეჯინალდ მერფი გახდნენ. ამ უკანასკნელმა დაგროვილ ქულებს 11 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა „მგზავრების“ მძიმე ფორვარდმა ავთანდილ ლომინაშვილმა, რომლის ანგარიშზეც 10 ქულა და 14 მოხსნაა.
„მგზავრები“ – „სოხუმი“ 64:65
(19:19, 12:14, 19:17, 14:15)
სატურნირო მდგომარეობა 5 მარტისთვის
დინამო | 20 | 13 | 7 | 33 |
ბათუმი | 20 | 12 | 8 | 32 |
ქუთაისი-2010 | 20 | 12 | 8 | 32 |
სოხუმი | 20 | 12 | 8 | 32 |
მგზავრები-არმია | 20 | 10 | 10 | 30 |
რუსთავი | 20 | 9 | 11 | 29 |
ოლიმპი | 20 | 8 | 12 | 28 |
აკადემია | 20 | 4 | 16 | 24 |