დუდა სანაძემ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაში დაასრულა. „სან დიეგო ტორეროსის“ შემადგენლობაში ქართველი უკანახაზელის უკანასკნელი მატჩი დღეს, გამთენიისას ლას ვეგასში გაიმართა, რომელშიც სანაძის გუნდი „ლოიოლა მერიმაუნთს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში - 61:64 წააგო.
რომ არ წაეგო, სანაძე „ვესტ ქოუსტის“ კონფერენციის მეოთხედფინალში გავიდოდა, სადაც კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის მომგებ „სენტ მერის“ დაუპირისპირდებოდა. სამწუხაროდ, სანდიეგოელებმა შეხვედრა დათმეს და მათთვის სეზონი დასრულდა.
ეს გახლდათ „ვესტ ქოუსტის“ კონფერენციის ჩემპიონატის პირველი, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, რომელსაც პლეი ოფის (მეოთხედფინალის) ბოლო მონაწილე უნდა გაერკვია. „სან დიეგომ“ რეგულარული ჩემპიონატი 4 მოგებითა და 14 წაგებით, ბოლო ადგილზე დაასრულა, თუმცა რაკი მე-8-ზე გასულ „პასიფიკს“ წლეულს პლეი ოფში თამაში აკრძალული აქვს, მეოთხედფინალის ბოლო საგზურისთვის ერთმანეთს საკვალიფიკაციო მატჩში მე-9 „ლოიოლა“ და მე-10-ზე გასული „სან დიეგო“ შეხვდნენ.
საკმაოდ დაძბული მატჩი გამოვიდა. „ლოიოლა“ დამაჯერებლად იგებდა, თუმცა სანაძის და ოლინ კარტერის შედეგიანობით სანდიეგოელებმა ბოლო წუთზე ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ ეს მაქსიმუმი აღმოჩნდა. „მერიმაუნთმა“ საბოლოოდ მოახერხა 3 ქულით გამარჯვება და მეოთხედფინალში გავიდა. „სან დიეგო“ კი ტურნირს გამოეთიშა.
სანაძემ თავისი სტუდენტური კარიერის ბოლო მატჩში 20 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, მაგრამ მისი მოწადინება სანდიეგოელებს გასამარჯვებლად არ ეყოთ. დუდამ 8-დან 6 ორქულიანი, 9-დან 1 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩაგდო.
სანაძე ამერიკაში გაზაფხულის ბოლომდე დარჩება და სან დიეგოს პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლას სახელმწიფო გამოცდების ჩაბარებით დაასრულებს. დუდას საშუალება აქვს საკუთარი კანდიდატურა 2016 წლის დრაფტზე დააყენოს და ნბა-ს გუნდების არჩევანს დაელოდოს. უფრო რეალური კი ისაა, სანაძემ კარიერა ევროპის კლუბში გააგრძელოს. ივლისის დასაწყისიდან კი მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ახალი მწვრთნელი ილიას ზუროსი ელის.
www.gbf.ge