ფეხბურთი

20:43 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის 28-ე ტურის სიმბოლური

პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა 28-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ინგლისის ჩემპიონატში აღნიშნული ტური ლიდერებისთვის წარუმატებელი გამოდგა. საუკეთესო გუნდში “სიტის”, “არსენალის”, “ტოტენჰემის” და “ლესტერის” ფეხბურთელები ვერ მოხვდნენ.

ყველაზე მეტი მოთამაშით “ლივერპულია წარმოდგენილი. “მერსისაიდელთა” მხრიდან ადამ ლალანა, ჯეიმს მილნერი და რობერტო ფირმინო აღიარეს. სამივე ფეხბურთელმა “ქალაქელებთან” მოგებულ (3:0) შეხვედრაში თითო-თითო გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

მეკარის პოზიციაზე მოხვდა დავიდ დე ხეა, რომელმაც “უოტფორდთან” შეხვედრაში რამდენიმე ლამაზი სეივი შემოგვთავაზა და უნდა ითქვას, ნაწილობრივ ესპანელის დამსახურებაცაა “ოლდ ტრაფორდზე” “წითელი ეშმაკების” მიერ სამი ქულის აღება. დე ხეას თანაგუნდელი ხუან მატა კი ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. დავიდის თანამემამულემ საჯარიმო დარტყმით თავი 83-ე წუთზე გამოიჩინა.

დაცვის ხაზში ადგილი “ბორნმუთის” ფეხბურთელმა სტივ კუკმა “საუთჰემპტონთან” კარგი თამაშის წყალობით დაისაკუთრა. ინგლისელმა “წმინდანებს” გოლი გაუტანა და მეტოქის გუნდის შეტევებსაც იგერიებდა. დაცვაში აგრეთვე მოხვდა ეშლი უილიამსი, რომელმაც “არსენალი” გაამწარა და მისმა გოლმა “სუონსის” სამი ქულა მოუტანა. უკანა ხაზში აგრეთვე მოხვდნენ რამირო ფუნეს მორი “ევერტონიდან” და კენედი – “ჩელსიდან”. ორივე მოთამაშემ გოლები გაიტანა.

ხერდან შაქირიმ “სტოკის” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა და პრემიერლიგაში აღიარეს. შვეიცარიელმა დიუფის გადაცემით საჯარიმოს გარედან ლამაზი გოლი გაიტანა. თავდასხმაში ფირმინოსთან ერთად კონორ უიკჰემიც მოხვდა. ინგლისელმა “სანდერლენდთან” შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

28-ე ტურის სიმბოლური ნაკრები

მეკარე: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”

მცველები: სტივ კუკი (“ბორნმუთი”), ეშლი უილიამსი (“სუონსი”), რამირო ფუნეს მორი (“ევერტონი”), კენედი (“ჩელსი”)

ნახევარცველები: ჯეიმს მილნერი, ადამ ლალანა (ორივე “ლივერპული”), ხუან მატა (“მანჩესტერი”), ხერდან შაქირი (“სტოკი”)

თავდამსხმელები: რობერტო ფირმინო (“ლივერპული”), კონორ უიკჰემი (“კრისტალ პალასი”)

0.120094