ჩოგბურთი

13:51 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი კენჭისყრით კმაყოფილია

დღეს, თბილისის საკრებულოს შენობაში, დევისის თასის გათამაშების მეორე ჯგუფის მონაწილე საქართველოსა და დანიის გუნდების კენჭისყრა შედგა. შეიძლება ითქვას, რომ კენჭისყრაში ქართველებს გაუმართლა, რადგან საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის მიერ ამოღებული ბურთულის შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენი გუნდი თამაშს გუნდის ლიდერის ნიკოლოზ ბასილაშვილის შეხვედრით იწყებს, რომელიც ერთეულთა შორის დანიელთა მესამე ნომერ კრისტიან სიბსბარდს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მეორე ნომრის გიორგი ცივაძის მეტოქე კი დანიელთა ლიდერი ფრედერიკ ნილსენი იქნება. წყვილთა შორის ბასილაშვილი და ცივაძე - ნილსენისა და თომას კრომანის წყვილს შეხვდება. მომდევნო შეხვედრებში გუნდები ერთეულთა შორის მეტოქეებს გაცვლიან.

შეგახსენებთ, რომ დევისის თასზე 5 შეხვედრაა დაგეგმილი და თამაში სამ მოგებამდე გრძელდება. თუ რომელიმე გუნდი სამი შეხვედრის მოგებას ვადაზე ადრე მოახერხებს, თამაში ავტომატურად წყდება.

საქართველოსა და დანიის გუნდების შემადგენლობა ნომრების მიხედვით:

საქართველო: ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, ირაკლი მეტრეველი

გუნდის კაპიტანი: ვლადიმერ გაბრიჩიძე

დანია: ფრედერიკ ნილსენი, ბენჟამინ ჰანესტედი, კრისტიან სიბსბარდი, ტომას კრომანი

გუნდის კაპიტანი: კენეტ კარლსენი

საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ალექსანდრე (უმცროსს) მეტრეველის ძმისშვილმა, ალექსანდრე (სანდრო) მეტრეველმა. პროტესტის მიზეზად არასაკმარისი ანაზღაურება და მომზადების არასათანადო პირობები დასახელდა.

კენჭისყრის შედეგებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისაუბრა.

-კენჭისყრით კმაყოფილი ხართ?

- რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. კარგია, რომ თამაშს მე ვიწყებ. გუნდი კარგ ფორმაშია და იმედია წარმატებას მივაღწევთ.

-მეტოქის შესახებ რას გვეტყვით?

- რა თქმა უნდა კარგი გუნდია, რომელიც გასულ სეზონში პირველ ჯგუფში თამაშობდა. გუნდის პირველი ნომერი ნილსენი ძირითადად წყვილების მოთამაშეა კარგია, რომ გვექნება გულშემატკივრების მხარდაჭერა, რომელიც უკეთ თამაშის სტიმულს გაძლევს, მითუმეტეს, როცა საკუთარ კედლებში ასპარეზობ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებ გულშემატკივრებს მოვიდნენ ხვალ თბილისის ახალ სპორტის სასახლეში და მხარი დაგვიჭირონ.

- როგორ აფასებთ ჩვენი გუნდის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებს?

- დაახლოებით 60/40-ზე ჩვენს სასარგებლოდ.

0.151537