ფეხბურთი

18:24 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

The Sun: გრანდები ჩემპიონთა ლიგას ტოვებენ და ცალკე ტურნირს ქმნიან

ევროპული ფეხბურთის გრანდები უეფას ჩემპიონთა ლიგის დატოვებასა და ცალკე, ახალი ტურნირში მონაწილეობას გეგმავენ, რომელსაც ევროპის სუპერლიგა ერქმევა. როგორც ბრიტანული გამოცემა “სანი” იუწყება, გუშინ ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმრო “დორჩესტერში” ინგლისური გრანდების, “არსენალის”, “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ლივერპულისა” და “ჩელსის” ხელმძღვანელებმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს ამერიკელ ბიზნესმენ სტეფენ როსთან, რომელიც საფეხბურთო კლუბ “მაიმის” მფლობელი გახლავთ. სწორედ ის აფინანსებს ახალ ტურნირს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კი როგორც ვარაუდობენ ის იქნება, რომ გრანდებმა თავიდან აიცილონ ისეთი ფინანსური ზარალი, როგორც ბოლო წლებში მაგალითად, “მილანმა” და “ლივერპულმა” მიიღეს ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასვლით. გათვლებით, ევროპის სუპერლიგა სპონსრებსა და მაყურებელს მალევე მიიზიდავს და იმაზე დიდი შემოსავალი ექნება, ვიდრე ახლა ჩემპიონთა ლიგას გააჩნია.

“სანის” ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: ედ ვუდვორდი “იუნაიტედის” ვიცე-პრეზიდენტი, იან აირი “ლივერპულის” მმართველი დირექტორი, ბრიუს ბეკი “ჩელსის” პრეზიდენტი, ივანის გაზიდისი “არსენალის” აღმასრულებელი დირექტორი და ფერან სორიანო “სიტის” აღმასრულებელი დირექტორი.

სუპელიგაში გუნდები მიწვევით მოხვდებიან და ზემოხსენებული ხუთი ინგლისური გუნდის გარდა, მასში მადრიდის “რეალის”, კატალონიის “ბარსელონას”, “პარი სენ ჟერმენის”, მიუნხენის “ბაიერნის”, პირეოსის “ოლიმპიაკოსისა” და “მილანის” მიწვევა იგეგმება. ხოლო შემდგომ ტურნირში გეგმიურად იტალიური გუნდები “იუვენტუსი”, “ინტერი” და “რომაც” ჩაერთვებიან.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად რეალურია სუპერლიგის შექმნა. თუმცა ინგლისურ ტაბლოიდებში გავრცელებული ცნობა დღესვე უარყო ლონდონის “არსენალმა” და ამასთან, საიდუმლო შეხვედრის თაობაზეც გაავრცელა განცხადება:

ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ ნებიმიერი ტურნირიდან გამოყოფის. “არსენალი” და არც სხვა კლუბები არ ეძებენ ცვლილებებს, როგორც პრემიერლიგის, ისე ევროპულ დონეზე. ევროპის სუპერლიგის თაობაზე შეხვედრა არ მომხდარა, - ნათქვამია განცხადებაში.

0.115828