მოახლოებულმა ევროპის ჩემპიონატმა შესაძლოა ანდრეა პირლოსა და დანიელე დე როსის გარეშე ჩაიაროს. როგორც გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, გამოცდილ ფეხბურთელებს იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე საფრანგეთში წაყვანას არ უპირებს.
კონტე თურმე, უკმაყოფილოა დე როსისა და პირლოს თამაშით მიმდინარე სეზონში, აქცენტის გაკეთებას კი პსჟ-ს წევრ მარკო ვერატიზე და “იუვეს” ნახევარმცველ კლაუდიო მარკიზიოზე აპირებს.
საერთოდ, მას შემდგომ, რაც კონტემ “სკუადრა აძურა” ჩაიბარა, “რომას” ვიცეკაპიტანს ძალზე იშვიათად იძახებს, ხოლო პირლო ნაკრებში სწორედ მისი თხოვნით დაბრუნდა და ანდრეას იგნორირება ცოტა უცნაურია. ამასთან, კონტე პირლოს შემთხვევაში უკმაყოფილო მისი ამერიკაში გადაბარგებითაა.
დანიელე დე როსის იტალიის ნაკრებში აქამდე 101 მატჩში უთამაშია და 17 გოლი გაუტანია (რაც ნახევარმცველისთვის სარეკორდოა), ხოლო ანდრეა პირლოს “ცისფერი” მაისური 116-ჯერ მოურგია და მეტოქეთა კარში 13 გოლი აქვს გატანილი.
პირლოსა და დე როსის იტალიის ნაკრების რიგებში 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატი აქვთ მოგებული, ხოლო 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშეს.