სხვა

1:28 | 2.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ი და კომპანია “სვეტი” პარტნიორები გახდნენ

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სამშენებლო დეველოპერული კომპანია “სვეტის” დირექტორმა თორნიკე ჯანელიძემ სეოკ-ის შტაბ-ბინაში ხელი სასპონსორო ხელშეკრულებას მოაწერეს.

ამ ხელშეკრულების თანახმად, ზემოაღნიშნული კომპანია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი ხდება.

სეოკ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება: “ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აფორმებს ხელშეკრულებას სამშენებლო დეველოპერულ კომპანია “სვეტთან”, რომელიც ჩვენი გენერალური სპონსორი ხდება არა მარტო რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მოსამზადებელ ეტაპზე, არამედ – შემდგომ პერიოდშიც.

ეს უდაოდ ხელს შეუწყობს ჩვენი ათლეტების სპორტული მაჩვენებლების ზრდას და იმედია, რიოს ოლიმპიადაზე ჩვენი დევიზი – “უკეთ, ვიდრე ლონდონში” შესრულდება. ბრაზილიაში საქართველოს ნაკრები სავარაუდოდ 10 სპორტის სახეობის 35 წარმომადგენლით იქნება დაკომპლექტებული”, - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

თავის მხრივ, კომპანია “სვეტის” დირექტორმა თორნიკე ჯანელიძემ კმაყოფილება გამოთქვა, რომ მისი კომპანია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორი გახდა და მაქსიმუმს გააკეთებს საიმისოდ, რომ აქტიურად დაუჭირონ მხარი სეოკ-ის პროექტებს და გვერდში დაუდგნენ ქართველ ოლიმპიელებს.

www.geonoc.org.ge

0.131741