როგორც უკვე ვწერდით, VTB ბანკსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. კონტრაქტი ორწლიანია და VTB ბანკი საქართველოს ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა – ბანკი ორი წლის განმავლობაში მილიონ ლარს გადარიცხავს, თუმცა იქნება ბონუს-სისტემაც, ანუ შედეგის შემთხვევაში დამატებითი თანხა: ეს თანხა განისაზღვრება 2016-2017 წლებში მუნდიალის შესარჩევში დაგროვებული ქულების მიხედვით.
რა თქმა უნდა, მშვენიერი სიახლეა და რაც მეტი სპონსორი შემოვა ქართულ ფეხბურთში, მით უკეთესი. ფედერაციის კურსიც სწორედ აქეთ არის მიმართული.
სფფ-ის პრეზიდენტმა და VTB ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეს ბანკი სპორტის აქტიური მხარდამჭერია და ფეხბურთის ნაკრების გარდა, წყალბურთის ეროვნულ გუნდს, ტანვარჯიშის ფედერაციას, საცხენოსნო სპორტის ფედერაციასა და სხვადასხვა სპორტულ გუნდებს ასპონსორებს.
ლევან კობიაშვილი: “დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს ახალ სპონსორს. მოხარული ვარ, რომ VTB ბანკი დღეიდან ოფიციალურად გახდა ეროვნული ნაკრების სპონსორი. თანამედროვე ფეხბურთში ბიზნესაქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ რომ ნაბიჯები გადადგმულია, ნათლად ჩანს. ბანკთან თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით აქტიურობას ითვალისწინებს და მჯერა, ჩვენი ურთიერთობა წარმატებული იქნება როგორც ნაკრებისთვის, ასევე თავად VTB ბანკისთვის”.
კობიაშვილს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელის თემაზეც ვკითხეთ და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები იმართება და სპეციალისტი აუცილებლად უცხოელი იქნება. რა თქმა უნდა, გვარი არ დაუსახელებია.
გავრცელებულია ხმები, ნაკრების თავკაცი გერმანელი იქნებაო (ლევანის გერმანიაში გატარებული კარიერიდან გამომდინარე), თუმცა კობიაშვილისვე თქმით, ეს არასწორი ინფორმაციაა – კანდიდატი გერმანელი არაა.