VTB ბანკსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბანკი საქართველოს ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა. დღეს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გაიმართა ღონისძიება, სადაც VTB ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
კონტრაქტი ორწლიანი იქნება და გათვალისწინებულია ამ ორ წელიწადში მილიონი ლარის დახარჯვა. აღნიშნული თანხის გარდა ხელშეკრულება ითვალისწინებს შედეგზე ორიენტირებულ ბონუს თანხასაც, რომელიც განისაზღვრება 2016-2017 წლებში შესარჩევში საქართველოს ნაკრების მიერ დაგროვილი ქულებით.
მხარეებს შორის ხელშეკრულება საზეიმო ვითარებაში გაფორმდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფედერაციის წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები.