ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ბრაზილიის ქალაქ კამპინასში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.
მე-4 ნომრად განთესილი გორგოძე პირველ რაუნდში თავისუფალი იყო, შემდეგ ჩილელ ბარბარა გატიკას 7:5, 4:6, 6:4 სძლია, გადამწყვეტ შეხვედრაში კი თანამემამულე სოფო ქვაცაბაიასთან უნდა ეთამაშა, თუმცა, ამ უკანასკნელმა კორტზე გასვლა ვერ მოახერხა. მანამდე, მე-14 რეიტინგის მქონე ქვაცაბაიამ ბრაზილიელი მარია სილვა 6:2, 6:2 დაამარცხა.
თუ ვის შეხვდება გორგოძე ძირითად ბადეში, მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მისი მეტოქე არ იქნება სოფო შაფათავა. ეს უკანასკნელი ძირითად ტურნირში პირდაპირ იყო დაშვებული და ძალებს უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან მოსინჯავს.
წყვილთა ტურნირში გორგოძე და შაფათავა პირველ ნომრად არიან განთესილნი და მერვედფინალში ქვაცაბაიას და ესპანელ ივონ კავალე-რეიმერსს გაეჯიბრებიან.
ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრა ვერ მოახერხა ლანა კენჭიაშვილმა. მან კვალიფიკაციაში მასპინძელი ტუანა ოზი 6:0, 6:0 გაანადგურა, შემდეგ კი პირველ ნომრად განთესილ შვედ სუსან ჩელიკთან 1:6, 0:6 წააგო.