27 თებერვალს ქალაქ ტარტუში ჩატარდა 42-ე საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში - ესტონეთის ღია პირველობა ახალგაზრდებს შორის. ეს ჩემპიონატი ყოველ წელს იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ ბალტიის ზღვის აუზის ქვეყნები - ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ასევე სკანდინავები - შვედეთი, ფინეთი და ნორვეგია.
წელს საპატიო სტუმრის სტატუსით ტარტუში მიპატიჟებული იყო ქუთაისის ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრებიც. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ესტონეთში საკმაოდ წარმომადგენლობითი გუნდის გაგზავნა მოხერხდა. მთავარმა მწვრთნელმა დავით თევდორაძემ 8 ვაჟი და 2 გოგონა იახლა თან. ქართულ დელეგაციას კი ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი ხელმძღვანელობდა.
ტურნირი 1996 და შემდგომ წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის ჩატარდა და ქართველთა სრული დომონაციით წარიმართა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 20 წლის გიორგი ხმელიძის (73 კგ ) გამოსვლა, ვინც ჩვეულ სტილში, ულამაზესი ჭიდაობა შესთავაზა მაყურებელს და ძალზედ დამაჯერებლად მოიგო ოქროს მედალი. მის გარდა ჩემპიონები გახდნენ: 16 წლის გიორგი თუთაშვილი ( 55 კგ ), 18 წლის ივერი წასიძე ( 66 კგ ) და 20 წლის ბაქარ კუხიანიძე ( +100 კგ ). მძიმე წონაში ფინალი მთლიანად ქართული გამოდგა. ვერცხლის მედალოსანმა ამირან წიქორიძემ მხოლოდ თანაგუნდელ კუხიანიძესთან დათმო შეხვედრა.მესამე ადგილზე გავიდა 66 კგ-ში მოასპარეზე ირაკლი კუხალაშვილი. ერთადერთი წონა, სადაც ქართველებმა ვერ იყოჩაღეს 81 კგ იყო. მთავარი მწვრთნელის ვაჟმა, ჯერჯერობით გამოუცდელმა 16 წლის დავით თევდორაძემ მხოლოდ მეშვიდე ადგილის დაკავება შეძლო. ასეთივე შედეგი აჩვენა ნუგზარ სალდაძემაც ( 73 კგ ).
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ტარტუში ქართველთაგან როგორც აღვნიშნეთ ორი გოგონაც ასპარეზობდა. ბიძაშვილები- 16 წლის ლუდმილა სილაგაძე ( 52 კგ ) და 14 წლის ინდირა სილაგაძე ( 63 კგ ). განსაკუთრებით გამოსარჩევია 2001 წელს დაბადებული ინდირა სილაგაძის გამოსვლა. ეს ახალგაზრდა ძიუდოისტი ჯერ კიდევ ჭაბუკებს შორის გამართულ საქართველოს პირველობიდან დაგვამახსოვრდა, სადაც მშვენივრად წარმოაჩინა თავი და დამსახურებულად მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. 171 სმ სიმაღლის ძალზედ პერსპექტიული ძიუდოისტი ესტონეთშიც ახლოს იყო წარმატებასთან, ბევრად გამოცდილი ლატვიელი ლამაზად დაამარცხა, თუმცა ცოტა დააკლდა, რომ კარიერაში პირველ საერთაშორისო ტურნირზე მედალი მოეპოვებინა. მესამე ადგილისთვის შეხვედრა დათმო 2 წლით უფროს მეტოქესთან. ამჯერად მედლის გარეშე დარჩა ლუდმილა სილაგაძეც.
28 თებერვალს უკვე გუნდური ჩემპიონატის დრო დადგა. თავდაპირველად ორგანიზატორებს საქართველოს ნაკრების მონაწილეობა ამ შეჯიბრში დაგეგმილი არ ჰქონდათ, რადგან მხოლოდ ეგრედ წოდებული ბალტიის ზღვის პირველობის გამართვა სურდათ, მაგრამ ბოლო მომენტში ლიტვამ სრული ნაკრების წარდგენა ვერ შეძლო და მისი ადგილი საქართველომ დაიკავა. დანარჩენ მონაწილეებს ასეთი ძლიერი გუნდის ტურნირში ხილვა დიდად არ მოეწონათ, მაგრამ რაღას იზამდნენ. ჩვენმა ნაკრებმაც დამაჯერებლად გაამართლა ფავორიტის სტატუსი. ჯგუფში ქართველებმა ნორვეგიის და ფინეთის ნაკრებები დაამარცხეს უშანსოდ და ნახევარფინალში მეორე ჯგუფიდან გამოსულ შვედეთს გადაეყარნენ. მთელ ტურნირზე ერთადერთი შეხვედრა შვედებს დაუთმეს, თუმცა დანარჩენ ხუთში უპრობლემოდ იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.
გადამწყვეტ შეხვედრაში საბრძოლველად მოულოდნელად ფინეთის ნაკრები გამოვიდა, ვინც სენსაციურად დაამარცხა ლატვიის ძლიერი გუნდი. თუმცა ფინალში ბრძოლა არ შედგა. საქართველო ერთი თავით მაღლა იდგა ყველა მეტოქეზე, ფინელებსაც ნოლზე მოვუგეთ და დამსახურებულად დავიკავეთ პირველი ადგილი.
ირაკლი ხმელიძე