ფეხბურთი

12:10 | 26.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე, ევა და ინგლისის ნაკრები

გასული წლის დეკემბერში ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნილი ჟოზე მოურინიო ინგლისურ პრესაში პოპულარობას არ კარგავს. თუკი ბოლო დღეებში პორტუგალიელი სპეციალისტის “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცად დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილ საკითხად იყო გამოცხადებული, ახლა მისი სახელი ინგლისის ეროვნულ ნაკრებსაც დაუკავშირეს. როგორც გამოცემა The Sun-ი ირწმუნება, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ჟოზე როი ჰოჯსონის შემცველთა სიაში შეიყვანა და დიდი შანსია ის ინგლისის უმთავრეს გუნდს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩაუდგეს სათავეში.

თუმცა, “გასაკუთრებულს” ზაფხულამდე სხვა საკითხი აქვს მოსაგვარებელი. საუბარია ევა კანეიროსთან მიმდინარე სამართლებრივ დავაზე. როგორც ცნობილია, “ჩელსის” ყოფილი მკურნალი “არისტოკრატებს” დათხოვნის გამო ედავება. კანეირო ლონდონურ კლუბს ადანაშაულებს იმაში, რომ მოურინიოს ზეწოლის გამო უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან. კანეირო - “ჩელსი” - მოურინიოს საქმეზე მეორე დახურული მოსმენა 7 მარტისთვის დაინიშნა და მხარეთა ადვოკატებს კიდევ ერთხელ მიეცემათ შანსი საერთო ენა გამონახონ, რაც 6 იანვარს გამართულ სხდომაზე ვერ შეძლეს. თუკი მოდავენი ამჯერადაც ვერ შეთანხმდებიან, საქმის ღია მოსმენა გაიმართება.

0.123813