საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფებიან. სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე 25 თებერვალს უეფას მე-11 საგანგებო კონგრესს დაესწრნენ. უეფას წევრმა 54 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებმა ევროპულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე და მოახლოებულ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე ციურიხის სასტუმრო "სვისოტელში" იმსჯელეს.
ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება.
მსოფლიო ფეხბურთის ყურადღების ცენტრში დღეს დილიდან კვლავ ციურიხია. ფიფას წევრი ქვეყნების ფედერაციის ხელმძღვანელებმა აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტის პოსტზე არჩევანი ხუთ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. ევროპული ქვეყნების უმრავლესობის და მათ შორის საქართველოს რჩეული უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინოა. კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გასული წლის ოქტომბერში გამოთქვა. ფეხბურთის 45 წლის სპეციალისტის ერთერთი წარმდგენი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველო იყო. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი კი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა.
ფიფას საგანგებო კონგრესი, სადაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, ციურიხში 26 თებერვალს, თბილისი დროით დილის 11:00 საათზე დაიწყება. ჯანი ინფანტინოს გარდა პრეზიდენტობის კანდიდატები არიან: აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი შეიხი სალმან იბრაჰიმ ალ-ჰალიფა, იორდანიის პრინცი ალი ალ ჰუსეინი, სამხრეთაფრიკელი ბიზნესმენი ტოკიო სექსველი და ფიფას ყოფილი გენერალური მდივანი ჟერომ შამპანი.