ფეხბურთი

16:50 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის ტურის სიმბოლური ნაკრები გამოავლინა. უეფას კვირის გუნდში ყველაზე მეტი, სამი წარმომადგენელი კატალონიის “ბარსელონას” ჰყავს, რომელმაც ლონდონის “არსენალს” “ემირეითს სთედიუმზე” 2:0 მოუგო.

მეკარე: იერონ ზოეტი (“პსვ ეინდჰოვენი”) – პსვ-ს ახალგაზრდა კიპერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ მისმა გუნდმა პირველი მერვედფინალური შეხვედრა მადრიდის “ატლეტიკოსთან” არ წააგო (0:0). ზოეტმა 29-ე წუთზე მასთან პირისპირ დარჩენილ ანტუან გრიზმანს არ გაატანინა.

მცველები: დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”) – ურუგვაელმა მცველმა “პსვ ეინდჰოვენის” წინააღმდეგ დამაჯერებლად ითამაშა. გარდა იმისა, რომ დაცვაში კარგად ირჯებოდა, არც შეტევა დავიწყებია. დიეგომ მეტოქეს გოლიც გაუტანა, მაგრამ წესების დარღვევის გამო არ ჩაუთვალეს, ხოლო მერე მსაჯს თანამემამულე გასტონ პერეირო მასთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევებინა.

ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”) – არგენტინელმა “არსენალთან” კარგი შეხვედრა ჩაატარა. მასკერანო განსაკუთრებით დამაჯერებლად დასწრებისას თამაშობდა.

ლორან კოშლენი (“არსენალი”) – მართალია მისი გუნდი დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი თითქმის დაკარგული აქვს, მაგრამ კოშელნი “არსენალიდან” გამორჩეული იყო.

ჟეფრი ბრუმა (“პსვ ეინდჰოვენი”) – ბრუმას “ატლეტიკოსთან” თავი არ შეურცხვენია. მე-4 წუთზე კი ლუსიანო ვიეტოს დარტყმის შემდეგ ბურთი ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა, რაც ფაქტობრივად გატანილი გოლის ტოლფასია.

ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”) – ანდრეს ინიესტასგან კარგი თამაში ვიღას უკვირს. “არსენალთან” “ინიმ” ბურთზე სრული დომინირება დაამყარა.

არიენ რობენი (“ბაიერნი”) – რობენი თავისი გუნდის რიგებში უდაოდ გამორჩეული გახლდათ. ჰოლანდიელის შეჩერება ტურინელ მცველებს უჭირდათ და მისი ფლანგიდან ყოველთვის ხიფათი იქნებოდა. 55-ე წუთზე კი, ჩვეულ სტილში გაიტანა.

დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”) – ესპანელმა კიევის “დინამოსთან” ჩინებულად ითამაშა. მან მონაწილეობა სამივე გოლში მიიღო, ერთი თავად გაიტანა.

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – არგენტინელმა პეტერ ჩეხთან უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია და მეშვიდე ცდაზე გოლი გაუტანა. თანაც ორი, ერთი პენალტით.

სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – აგუერომ “დინამოს” მარცხს სათავე დაუდო. ამას გარდა, მისი უშუალო მონაწილეობით ალექსანდრ შოვკოვსკის კარში მეორე გოლი გავიდა.

პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – ახალგაზრდა არგენტინელმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა. დიბალას გოლმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ “იუვენტუსმა” “ბაიერნთან” არ წააგო.

0.113982