ფეხბურთი

3:17 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ვერ გაინაღდა, "სიტიმ" - კი (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის პირველი რაუნდი დასრულებულია. ბოლო ორ მატჩიდან ერთში მეოთხედფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობა ფაქტობრივად გარკვეულია, რადგან “მანჩესტერ სიტიმ” კიევში ორბურთიანი სხვაობით მოიგო, ხოლო მადრიდის “ატლეტიკომ” “პსვ ეინდჰოვენს” გასვლაზე ვერაფერი დააკლო და ახლა “ვისენტე კალდერონზე” მოუწევს მომდევნო ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა.

“სიტი” კიევის “დინამოსთან” წყვილში ისედაც ფავორიტი იყო და აღნიშნული სტატუსი პირველივე მატჩში სრულად გაამართლა. მანუელ პელეგრინის გუნდმა უკრაინის ჩემპიონს პირველ რიგში კლასის ხარჯზე მოუგო. გამოსარჩევია, რომ “დინამოს” მცველებს ინგლისელთა შეტევების მოგერიება ძალზე უჭირდათ და განსაკუთრებით, როცა შეტევა ფლანგიდან ვითარდებოდა. თუმცა, თავიდან მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და ანდრეი იარმოლენკოს დასაწყისშივე შეეძლო გატანა, მაგრამ ჯო ჰარტმა ხარიხის დახმარებით თავისიანები გადაარჩინა. ეს იყო და, ტაიმის დარჩენილ დროში სტუმრები მოედანზე სრულად გაბატონდნენ. შესაბამისად, შედეგიც მიიღეს. ჯერ კუნ აგუერომ შეაგდო, ვინც კიეველმა მცველებმა კუთხურისას საჯარიმოში მარტო დატოვეს და არგენტინელმაც შანსი გამოიყენა. ტაიმის ბოლოსკენ კი თავი დავიდ სილვამ გამოიჩინა. აქ, გოლზე მეტად გამოსარჩევი კომბინაციაა – აგუერომ ქუსლით რაჰიმ სტერლინგი მოძებნა და ახლაგაზრდა ფეხბურთელმაც სილვას საგოლედ უპასა – 0:2.

მეორე ნახევარი “დინამომ” აქტიურად დაიწყო და საერთოდაც ბევრად უკეთ ჩაატარა. სერგეი რებროვის შეგირდები ცდას არ აკლებდნენ, მაგრამ შედარებით დაბალი კლასის გამო ბევრი არც არაფერი გამოსდიოდათ. და მაინც, 59-ე წუთზე იმედი მათ ბუიალსკიმ ჩაუსახა, რომელმაც ნიკოლას ოტამენდის დახმარებით სხვაობა შეამცირა. ცოტა ხანში მასვე დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ჰარტმა დიდებულად ითამაშა. ბოლოში კი ყურადღების ეპიცენტრში იაია ტურე მოექცა. აფრიკელმა ნახევარმცველმა ჯერ თავით წარმოუდგენელი ეპიზოდი გააცუდა, მერე კი საჯარიმოს მისადგომებიდან ლამაზი გოლი გაიტანა და მატჩს წერტილი დაუსვა – 1:3.

ადვილი წარმოსადგენია, რომ 15 მარტს, “ეტიჰად სთედიუმზე” “სიტი” უპირობო ფავორიტია და დამდეგ შეხვედრას ფაქტობრივად ფორმალური ხასიათი მიეცა. ისიც სათქმელია, რომ უკრაინელთა გაკრიტიკება უადგილო იქნება, რადგან მათთვის პლეი-ოფში მოხვედრაც უკვე დიდი წარმატებაა.

“დინამო” (კიევი) – “მანჩესტერ სიტი” 1:3 (0:2) (მიმოხილვა)

კიევი, “ოლიმპიური სტადიონი”

მაყურებელი: 53 691

“დინამო” (4-5-1): შოვკოვსკი; დანილო სილვა (მაკარენკო 66), ხაჩერიდი, დრაგოვიჩი, ვიდა; იარმოლენკო, რიბალკა, გარმაში (ველოზუ 31), ბუალსკი, გონსალესი; ტეოდორცზკი (მორაეში 46)

მწვრთნელი: სერგეი რებროვი

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, კომპანი, ოტამენდი, კლიში; ფერნანდო, ფერნანდინიო; სილვა, ტურე, სტერლინგი; აგუერო (იჰეანაჩო 90)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 0:1 აგუერო (15), 0:2 სილვა (40), 1:2 ბუიალსკი (59), 1:3 ტურე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 12 (6) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

თამაშამდე “პსვ ეინდჰოვენის” მთავარი მწვრთნელი ფილიპ კოკუ ამბობდა, უგოლო ფრე ჩვენთვის მისაღები შედეგი იქნება, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი გოლის არ გაშვება იქნებაო. ჰოდა, კოკუმაც თავისი გუნდის თამაში სწორედ ამაზე ააგო და შედეგიც მიიღო – 0:0. ისე, ამ მატჩში თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს უდაოდ “ატლეტიკო” იყო და მადრიდელებმა სახიფათო მომენტებიც მრავლად შექმნეს. განსაკუთრებით, პირველ ტაიმში.

მოგეხსენებათ, დიდად გახსნილი ფეხბურთის მოყვარული არც დიეგო სიმეონე გახლავთ და შესაბამისად, თამაშიც საკმაოდ უინტერესოდ მიმდინარეობდა. თუ საწყის 45 წუთში “როხიბლანკოს” გატანა რამდენჯერმე შეეძლო, მეორე ტაიმი გაცილებით მოსაწყენი გამოდგა. ანტაქტის მერე ფეხბურთელებზე მეტად მოედანზე მთავარი არბიტრი იტალიელი დანიელე ორსატო ჩანდა; მსაჯმა ჯერ დიეგო გოდინის გატანილი გოლი არ ჩათვალა და სრულიად სამართლიანადაც – ურუგვაელი მცველი კუთხურისას მეტოქეს მხარზე შეაჯდა და ისე გაიტანა. 6 წუთის შემდეგ უკვე გოდინზე უხეშობისთვის მოედნიდან მასპინძელთა ურუგვაელი თავდამსხმელი გასტონ პერეირო გააძევა, რმელსაც ყვითელი ბარათი მანამდეც მიღებული ჰქონდა. ორივე ზემოხსენებულ ეპიზოდში ორსატო დამაჯერებლად გაისარჯა.

საბოლოოდ, დაფიქსრიდა შედეგი, რომლითაც ორივე გუნდი კმაყოფილი დარჩა. ახლა “ატლეტიკოს” “ვისენტე კალდერონზე” გაცილებით აქტიური თამაში მართებს, რადგან აუცილებლად მოსაგები აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეოთხედფინალში “ეინდჰოვენი” გავა.

“პსვ ეინდჰოვენი” – “ატლეტიკო” 0:0 (0:0) (მიმოხილვა)

ეინდჰოვენი, “ფილიპს არენა”

მაყურებელი: 34 948

“პსვ ეინდჰოვენი” (4-1-2-3): ზოეტი; არიასი, მორენო, ბრუმა, ვილემსი; პროპერი; გუარდადო (ჰენდრიქსი 75), ვან გინკელი; პერეირო, ნარსინგი (ისიმატ მირინი 65), ლოკადია (ლესტიენი 86)

მწვრთნელი: ფილიპ კოკუ

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, საულ ნიგეზი (კორეა 74), ო. ტორესი; ვიეტო (ფ. ტორესი 61), გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გაფრთხილება: პერეირო (54, 68) – სავიჩი (22)

გაძევება: პერეირო (68)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 12 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 1:10 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

0.323155