ფეხბურთი

3:05 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტურინმა ყველაფერი მიუნხენისთვის გადადო (+VIDEO)

ტურინის “იუვენტუსისა” და მიუნხენის “ბაიერნის” შორის გამარჯვებული სამი კვირის შემდეგ გერმანიაში გაირკვევა. მართალია, დღევანდელმა დაპირისპირებამ რაღაც კონტურები გამოაჩინა, მაგრამ “ბებერი ქალბატონის” ჩამოწერა რომ არ ივარგებს, ტურინულმა მატჩმაც ცხადჰყო. “იუვემ” მეტოქეს ორბურთიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა, რაც “ბაიერნთან” ადვილი გასაკეთებელი არაა.

პეპ გვარდიოლამ სამი ცენტრალური მცველით დაიწყო თამაში და ამიტომაც იყო, რომ ძირითადში ჩაბი ალონსოს ნაცვლად არტურო ვიდალი ვიხილეთ. ჩილელმა სწორედ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა და თავი არც შეურცხვენია. საერთოდ, ვიდალი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჩინებულად მოქმედებდა და თავის გუნდში არიენ რობენთან ერთად საუკეთესო გახლდათ. მასიმილიანო ალეგრიმ კი რატომღაც ფრთხილი თამაში არჩია და ვინ იცის, ახლა ნანობს კიდეც. ყოველშემთხვევაში, როდესაც “იუვემ” ოდნავ მაინც შეტევაზე დაიწყო ფიქრი, მეტოქის სუსტ დაცვას პრობლემები შეუქმნა. თუმცა, არავინ იცის, რა მოხდებოდა რომ არა, სტუმარი უკანახაზელების და განსაკუთრებით ახალგაზრდა ჯოშუა კიმიხის არადამაჯერებელი თამაში.

“იუვენტუს სთედიუმზე” შეხვედრა ისე დაიწყო, თითქოს მოედანზე მარტო “ბაიერნი” იყო. “რეკორდმაისტერის” ფეხბურთელებს ბურთი სულ თან ჰქონდათ და როგორც კი ტურინელთა საჯარიმოს მიუახლოვდებოდნენ, ხიფათიც იქმნებოდა. თუმცა პირველად კარში “იუვემ” დაარტყა – მარიო მანჯუკიჩმა შორი მანძილიდან სცადა მანუელ ნოიერის კარის აღება, თუმცა დარტყმა მეტისმეტად სუსტი გამოუვიდა. პირველი რეალური საგოლე მომენტიც ხორვატს მიეცა. პოლ პოგბას ჩაწოდებული დავიდ ალაბას თავზე გადააფრინდა, მანჯუკიჩმა კი ვადრნაში ვერ ივარგა და ააცილა. ამის შემდეგ “ბაიერნს” თამაშის სადავეები ხელიდან კარგა ხანს არ გაქცევია; ცოტა ხანში რობერტ ლევანდოვსკიმ ტომას მიულერი ცარიელ კართან დატოვა, თუმცა გერმანელმა წაიბორძიკა და ლეონარდო ბონუჩიმ სიტუაცია განმუხტა. საერთოდ, მიულერი პირველ ტაიმში ბევრს სცოდავდა და ბედის ირონია იყო, 43-ე წუთზე ანგარიში მან რომ გახსნა. დუგლას კოშტას პასისი მერე “იუვეს” მცველები დაიბნენ და ტომასმაც აუღელვებლად გაიტანა. ამ ეპიზოდში უყურადრებოდ ტურინელთა ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო გაისარჯა, რომელიც 45 წუთის განმავლობაში ძალზე უფერულად ირჯებოდა და მეორე ნახევარში მოედანზე აღარც გამოჩენილა.

საერთოდ, “იუვენტუსმა” ეს შეხვედრა რომ არ წააგო, დიდწილად ალეგრის შეცვლების დამსახურებაა – ბრაზილიელმა ერნანესმა მოედნის ცენტრში ბურთი კარგად დაიჭირა, სტეფანო სტურარომ გოლი შეაგდო, ხოლო ალვარო მორატამ საგოლე პასი გააკეთა. სწორედ ამ ბიჭებს მისცა თამაშის შესაძლებლობა ალეგრიმ მეორე ტაიმში.

მეორე ნახევარი თითქოს “იუვენტუსის” აქტიურობით უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კონტრშეტევების შიშით იტალიელები გააზრებულად ვერ უტევდნენ, თუმცა 55-ე წუთზე სწორედ კონტრშეტევა გამოეპარათ – ლევანდოვსკიმ არიენ რობენი მოძებნა და ვეტერანმა ჰოლანდიელმაც ჩვეულ სტილში ლეგენდარულ ჯიჯი ბუფონს შანსი არ დაუტოვა – 0:2.

ბევრმა იფიქრა, ყველაფერი გადაწყდა და “ბაიერნი” კიდევ გაიტანსო, მაგრამ პეპ გვარდიოლას ბიჭები მოდუნდნენ და დაისაჯნენ. კიმიხმა საკუთარ საჯარიმოსთან ბურთი ვერც გააჩერა, ვერც მოიგერია და მანჯუკიჩს ჩააბარა, რომელმაც პაულო დიბალა დიდოსტატური პასით მეკარეს შეატოვა და ნიჭიერ არგენტინელს ფეხები არ აკანკალებია. “იუვეს” გათანაბრება მალევე შეეძლო. ვიდალს ბურთი მანჯუკიჩმა მოპარა (საერთოდ ხორვატი ძალზე კარგად გამოიყურებოდა) და ხან კუადრადოს ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა, მაგრამ კოლუმბიელმა ვერ ივარგა და ნოიერს ხელებში დაურტყა. მერე ალეგრიმ გოლის ავტორი დიბალა გაიყვანა, ხოლო მის ნაცვლად შესულმა ალვარო მორატამ ერთ წუთში ჩინებული საგოლე პასი გააკეთა. მეორე გოლის დროსაც მიუნხენელთა შეცდომა აშკარა გახლდათ – ჯერ ფილიპ ლამმა ბურთი პოგბას ჩააბარა, რომელმაც საგოლე შეტევა დაიწყო, ხოლო მორატამ ფლანგიდან თავით საჯარიმოში დააბრუნა ბურთი და იქ სტურარომ კიმიხს დაასწრო – 2:2.

ერთიც უნდა ითქვას: იტალიაში ინგლისელი არბიტრის მარტინ ატკინსონის მსაჯობით უკმაყოფილონი არიან - ისე სადაო ეპიზოდები მართლაც იყო; ჯერ არტურო ვიდალს ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და პენალტის დანიშნვა შეცდომა არ იქნებოდა, ხოლო მერე მიულერის გოლის დროს ლევანდოვსკი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა ბუფონს აშკარად ხელს უშლიდა... თუმცა ეს განვლილი ეპიზოდებია და "იუვეს" ამაზე გამოკიდება არ არგებს.

რაც შეეხება თამაშს, დარჩენილ დროში გუნდებს გატანის რეალური შანსი თითქმის არ მიცემიათ. ლეონარდო ბონუჩი კი ცდილობდა შორიდან გატანას, თუმცა არ გამოუვიდა.

წყვილში ისედაც ფავორიტი “ბაიერნი” ახლა თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს, მაგრამ “იუვენტუსმაც” გამოაჩინა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლია. უბრალოდ, ცოტა გაკვირვებას იწვევს ალეგრის გადაწყვეტილება, ვინც თავიდან მეორე ნომრად თამაში გადაწყვიტა და როგორც აღმოჩნდა, შეცდა. არადა, “იუვეს” “ბაიერნის” სუსტი დაცვის ხაზით შეეძლო ესარგებლა და რომ შეეტია, ალბათ აჯობებდა კიდეც...

ასეა თუ ისე, პირველი რაუნდი დიდებული სანახავი გამოვიდა და ახლა "ალიანს არენაზე" მეორე 90 წუთიანი დუელი იქნება. ფავორიტი “ბაიერნია”, თუმცა არც “იუვენტუსია” ჩამოსაწერი...

“იუვენტუსი” – “ბაიერნი” 2:2 (0:1) (მიმოხილვა)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 41 475

“იუვენტუსი” (4-4-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, ევრა; კუადრადო, ხედირა (სტურარო 69), მარკიზიო (ერნანესი 46), პოგბა; დიბალა (მორატა 75), მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, კიმიჩი, ალაბა, ბერნატი (ბენატია 74); ვიდალი; რობენი, მიულერი, ალკანტარა, დუგლას კოშტა (რიბერი 84); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 მიულერი (43), 0:2 რობენი (55), 1:2 დიბალა (63), 2:2 სტურარო (76)

გაფრთხილება: მორატა (79) – დუგლას კოშტა (20), ლევანდოვსკი (70), ვიდალი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 14 (5) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 3:4 თამაშგარე:L1:0

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

0.46372