ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ცოტნე ცარციძე, რომელიც ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, ერთ-ერთი იმ კალათბურთელთაგანია, რომელიც თუ თავის თავზე ბევრს იმუშავებს, შეუძლია დიდი კალათბურთი ითამაშოს.
ცოტნემ ჯერ იტალიელთა, შემდეგ ესპანელთა, ამ ბოლოს კი ამერიკელთა ყურადღება დაიმსახურა. ამჟამად იგი კალიფორნიის შტატის ქალაქ მოტესტოს სასპორტო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ბოლო წარმატებას ცოტნემ თანაგუნდელებთან ერთად ჩრდილოეთ კალიფორნიის მოსწავლეთა ტურნირში მიაღწია, სადაც ჩემპიონი გახდა. მანამდე მან ქალაქ მოტესტოს მოსწავლეთა ჩემპიონატი მოიგო.
გთავაზობთ ინტერვიუს ცოტნეს მამასთან თენგიზ ცარციძესთან, რომელსაც შვილის შესახებ ვესაუბრეთ:
- თუ შეიძლება , მოკლედ გვიამბეთ ცოტნეს შესახებ...
- ცოტნე დაიბადა 2000 წლის 28 მარტს. სიმაღლით 199 სმ-ა. თამაშობს როგორც მძიმე ფორვარდის, ასევე ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. 6 წლის იყო, როდესაც ჭადრაკის სექციაზე შევიყვანე. ორი წლის შემდეგ კი კალათბურთის სექციაზე გადავიყვანე, სადაც ვარჯიში ვეტერანი კალათბურთელის ავთო აბრამიძის ხელმძღვანელობით დაიწყო.
- სად ჭადრაკი, სად კალათბურთი?
- სახლში თავისუფალ დროს ჭადრაკის სვლებს ვასწავლიდი. სვლებში კარგად ერკვეოდა და ჭადრაკზეც ამიტომ შევიყვანე. ჭადრაკიდან კალათბურთზე კი ფიზიკური მონაცემების გამო გადავიყვანე. ესეც რომ არ ყოფილიყო, ჭადრაკის დიდი პატივისცემის მიუხედავად, კალათბურთი უფრო მიყვარს და ძალიან გამეხარდა, რომ ამ სახეობისათვის კარგი მონაცემები აღმოაჩნდა.
- ისევ ხომ არ აპირებს სახეობის შეცვლას?
- არა, კალათბურთი ძალიან უყვარს და ბოლომდე მისი ერთგული დარჩება.
- ახალგაზრდობაში თქვენც ხომ არ იყავით სპორტით დაკავებული?
- მოყვარულის დონეზე ვთამაშობდი კალათბურთს, რაგბსა და ხელბურთს.
- პირველად როდის წავიდა ცოტნე უცხოეთში?
- 2013 წელს თბილისში ბავშვებისათვის საკალათბურთო კემპი ჩატარდა, სადაც ცოტნეც მონაწილეობდა. აღნიშნულ კემპს უცხოელი სპეციალისტებიც ესწრებოდნენ. მისით იტალიელები დაინტერესდნენ და იმავე წელს ქალაქ რიმინის სასპორტო სკოლაში ჩაირიცხა, 2014 წელს კი კანარის კუნძულებზე (ესპანეთი) საკალათბურთო კლუბ ,,გრან -კანარეას“ სასპორტო სკოლაში გადავიდა.
- ამერიკაში როგორღა მოხვდა?
- 2015 წელს ცოტნემ ერთი წლით უფროსებთან ერთად საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ლატვიის საერთაშორისო ტურნირში ითამაშა, რომელშიც ასევე ბელარუსის, უნგრეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის და რუსეთის გუნდებიც მონაწილეობდნენ. ამ ტურნირზე საქართველო მესამე ადგილზე გავიდა, ცოტნე კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამის შემდეგ ლიტველი მენეჯერის სტეფანას კაირისის დახმარებით ცოტნე კალიფორნიის შტატის ქალაქ მოტესტოს სასპორტო სკოლაში მოხვდა, სადაც პრივილეგირებული სახეობებია კალათბურთი და ამერიკული ფეხბურთი. იგი მეცხრე კლასშია, მაგრამ იმდენად კარგად თამაშობს, რომ მეთორმეტეკლასელთა გუნდში გამოდის . აქვე მინდა დავამატო, რომ ამ სკოლაში დიდ პატივს სცემენ რელიგიას, იქ მხოლოდ ქრისტიანები სწავლობენ. ქალაქში მართლმადიდებლური ეკლესია არ არის, ამიტომ ცოტნე სკოლის სპეციალური ტრანსპორტით მოტესტოდან 90 მილის მოშორებით მდებარე ქალაქში დადის წირვაზე დასასწრებად.
- ამ სკოლაში სწავლა ფასიანია?
- დიახ, ყოველწლიური შესატანი 40 ათასი ამერიკული დოლარია.
- არ გიჭირთ ამ თანხის გადახდა?
- ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც ცოტნეს აფინანსებს, თანხას მთლიანად იხდის.
- უცხო ენას კარგად ფლობს?
- ქართულთან ერთად კარგად საუბრობს ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. ამ სკოლაში კარგად თუ არ ისწავლე, ისე იქ არავინ გაგაჩერებს.
- საბოლოოდ აქცენტი რაზე აქვს გაკეთებული, სწავლაზე თუ სპორტზე?
- ცოტნეს უნდა, რომ დიდი კალათბურთი ითამაშოს და ამისათვის ყველაფერს აკეთებს.