ფეხბურთი

4:42 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" "იუვეს" ისევ ჩამორჩება (+VIDEO)

“ნაპოლიმ” სერია A-ში ლიდერობის დაბრუნების შანსი დაკარგა. ნეაპოლიტანელებს “მილანის” უცილობლივ დამარცხება სჭირდებოდათ, მაგრამ “როსონერიმ” “სან პაოლოზე” თავი კარგად დაიცვა და გარდა იმისა, რომ თვითონ წაუგებელი სერია გააგრძელა, ტურინის “იუვენტუსი” პირველ ადგილზე დატოვა.

ნეაპოლში მთელი 90 წუთის განმავლობაში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ 3 ქულის მოსაპოვებლად მაურიციო სარის გუნდს ეს არ ეყო. საერთოდ, ისიც შეიძლება ითქვას, რომ “ნაპოლი” გამარჯვებას იმსახურებდა, თუმცა ლომბარდიელებმა მეტოქეს დაცვაში უყურადღებო თამაში არ აპატიეს.

შეხვედრის მთავარი მოვლენები კი პირველი ტაიმის დასასრულს, 5 წუთიან ინტერვალში განვითარდა. 39-ე წუთზე ლორენცო ინსინიემ, რომელიც მანამდე მოედანზე ყველაზე აქტიური გახლდათ, შორი მანძილიდან დარტყმა გადაწყვიტა, ბურთი გზად ინაციო აბატეს ფეხს შეეხო და თინეიჯერ ჯანლუიჯი დონარუმა ბურთს ვეღარ შესწვდა – 1:0. “მილანმა” ზუსტად 5 წუთის შემდეგ გაათანაბრა. აღნიშნულ ეპიზოდში სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს მცირედით გაუმართლა. კეისუკე ჰონდას ჩაწოდების შემდეგ კალიდუ კულიბალიმ იმის მაგივრად, რომ ბურთი საკუთარი საჯარიმოდან მოეშორებინა, შორეულ ძელთან ჩასაფრებული ჯაკომო ბონავენტურასკენ გაგზავნა და მანამც ბოძებული შანსი ხელიდან არ გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი დარტყმა იყო მილანელთაგან, რომელიც პეპე რეინას კარის ჩარჩოში მოხვდა.

მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით წარიმართა – “ნაპოლი” უტევდა, “მილანი” თავს კარგად იცავდა და შესაბამისად გოლიც არ გაუშვია. შედეგი კი, რომელიც დაფიქსირდა, ხელს დიდად არცერთ გუნდს აძლევდა; “ნაპოლი” ისევ “იუვენტუსის” მდევარია, ხოლო “მილანი” “ინტერს” უკვე 4 ქულით ჩამორჩა. “როსონერის”კი, სანუგეშოდ ისღა თუ დარჩენია, რომ უკვე ზედიზედ 9 მატჩია არ წაუგია...

“ნაპოლი” – “მილანი” 1:1 (1:1) (მიმოხილვა)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 54 758

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი (გაბიადინი 80), ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი (მერტენსი 64), იგუაინი, ინსინიე (ელ კადური 89)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; აბატე, ალექსი, ძაპატა, ანტონელი; ჰონდა, მონტოლივო (ბერტოლაჩი 82), კუცკა, ბონავენტურა; ნიანგი (ბალოტელი 87), ბაკა (მენეზი 72)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 ინსინიე (39), 1:1 ბონავენტურა (44)

გაფრთხილება: დონარუმა (53), მონტოლივო (66)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (5) – 4 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ლუკა ბანტი

თეგებისერია A
0.133977