იტალიური “რომასა” და ფრანჩესკო ტოტის შორის ურთიერთობა დაიძაბა. 39 წლის ტოტი კვირას იტალიის ჩემპიონატის XXVI ტურში “პალერმოსთან” სამატჩო განაცხადშიც ვერ მოხვდა. ამ ყველაფერს წინ ის უძღოდა, რომ “ჯალორისის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტოტის ვარჯიში დაატოვებინა.
შესაბამისად, როდესაც ტიფოზებმა ტოტი ტრიბუნაზე დაინახეს აპლოდისმენტებით შეეგებნენ, ხოლო სპალეტის მთელი თამაშის განმავლობაში უსტვენდნენ. ამასობაში “რომას” პრეზიდენტიც ჩაერთო საქმეში და აცხადებს, რომ ტოტის მარტის თვეში აუცილებლად შეხვდება და გაესაუბრება.
მანამდე კი, ტელერადიოკომპანია “რაის” თავად ლეგენდარული იტალიელი ფორვარდი ესაუბრა და აღნიშნა, რომ კარიერის ასეთნაირად დასრულება საშინელებაა. ისიც დაამატა, კარიერის “რომაში” დასრულება მინდა, მაგრამ თუ ჩვენი გზები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ვნახოთ მომავალში რა მოხდებაო... მოკლედ, “პუპონემ” არაფერი გამორიცხა, თუმცა გულგატეხილია რომ გახლავთ, ერთი შეხედვითაც ჩანს.
შეგახსნებთ, ტოტის მთელი კარიერა მხოლოდ “რომაში” აქვს გატარებული და მთავარ გუნდში დებიუტი ჯერ კიდევ 1993 წელს ჰქონდა. მას შემდგომ კი, “ჯალორისის” რიგებში თითქმის ყველა სახის რეკორდი აქვს დამყარებული.