ფეხბურთი

12:10 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

როცა მწვრთნელი არ მიდის გასახდელში, მსაჯი წავა...

გერმანიის ბუნდესლიგის XXII ტურის კალენდარული მატჩისას, რომელშიც ლევერკუზენის “ბაიერი” და დორტმუნდის “ბორუსია” ხვდებოდნენ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ფელიქს ცვაიერმა თამაში დატოვა. ამ უცნაური გადაწყვეტილების მიზეზი მასპინძელთა თავკაცის როჯერ შმიდტის გაძევება გახლდათ, რომელსაც გერმანელი სპეციალისტი არ დაემორჩილა.

ყველაფერი კი “ბაიერის” კარში პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლს მოჰყვა: სანამ გაბონელი ცარიელ კარში გაიტანდა, მანამდე “ლევერკუზენის” ფეხბურთელმა მოედნის ცენტრში მეტოქე წააქცია და ცვაიერიც ჯარიმის დანიშვნას აპირებდა, მაგრამ სტუმართა შეტევა გაგრძელდა, რომელსაც გოლი მოჰყვა ბერნ ლენოს კარში.

“ლევერკუზენის” ფეხბურთელებმა და თავკაცმა აღნიშნული ეპიზოდი გვარიანად აპროტესტეს, რის გამოც ცვაიერმა შმიდტს გასახდელისკენ მიუთითა, მაგრამ როცა მწვრთნელი გაუძალიანდა, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, თამაში შეაჩერა და გასახდელში თავად შევიდა...

ცოტა ხანში ყველაფერი დალაგდა, შმიდტი გასახდელში გაეშურა, ხოლო გერმანელი მსაჯი მოედანზე დაბრუნდა და თამაშიც განაახლა, რომელიც “დორტმუნდმა” სწორედ ობამეიანგის ერთადერთი გოლით მოიგო.

0.115808