ჭადრაკი

23:28 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის პირველი მარცხი თეირანში

ქართველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ (2529) ფიდე-ს გრან-პრის II ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა, რაც ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა.

ირანის დედაქალაქ თეირანში მიმდინარე ტურნირის მე-9 ტურში ძაგნიძემ შავი ფიგურებით შვედ პია კრამლინგთან (2521) წააგო და 6.5 ქულა შერჩა, რის გამოც მე-2 ადგილამდე დაქვეითდა.

შეჯიბრის ლიდერი ჩინელი ქსუე ჟაო (2506) გახდა, რომელმაც შავებით რუს ნატალია პოგონინას (2454) სძლია და თავი ასევე 6.5 ქულა მოუყარა, თუმცა, ქართველ მოჭადრაკეს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.

ლიდერებს კვალში ჩინელი ვენჯუნ ჟუ (2558) და მისი რეიტინგიდან გამომდინარე, ძალიან დამაჯერებლად მოთამაშე ირანელი სარასადატ ხადემალშარიეჰი (2403) უდგანან, რომელთა აქტივშიც 6.0-6.0 ქულაა.

ძაგნიძეს თეირანში 2 პარტია დარჩა ჩასატარებელი. 22 თებერვალს ნანა თეთრი ფიგურებით ხსენებულ ჟუს ეთამაშება, ხოლო 23-ში – შავებით პოგონინას.

სამწუხაროდ, გრან-პრის მონაწილე 12 მოჭადრაკეს შორის ისევ ბოლო ადგილზე რჩება ნინო ბაციაშვილი (2485), რომელმაც შავი ფიგურებით ყაიმი ინდოელ დრონავალი ჰარიკასთან (2511) ითამაშა და 9 ტურში 2.0 ქულა მოუგროვდა.

ბაციაშვილი მე-10 ტურში თეთრებით კიდევ ერთ ინდოელ ჰამპი კონერუს (2583) დაუპირისპირდება, დასკვნით პარტიას კი შავებით კრამლინგთან ჩაატარებს.

0.140394