კალათბურთი

16:32 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ქუთაისი-2010“-მა ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო

ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა „ქუთაისი-2010“-მა სუპერლიგის მესამე წრე ძალიან ცუდად დაიწყო. ქუთათურებმა ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგეს, ამჯერად „სოხუმთან“ - 72:86.

აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსიც ესწრებოდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, რომლის პირველი მეოთხედის შემდეგაც მასპინძლები 2 ქულით - 26:24 დაწინაურდნენ. „სოხუმის“ მოთამაშე მწვრთნელ ლევან ფაცაციასა და ამერიკელ ლეგიონერ ფილიპ მილერის კარგი თამაშის წყალობით „სოხუმმა“ მეორე მეოთხედში ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და პირველი ტაიმი 7 ქულის სხვაობით 48:41 მოიგო.

მეორე ტაიმში ზღვისპირელებმა არამარტო შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება, არამედ გაზარდეს ანგარიშში სხვაობა და დამაჯერებელი ანგარიშით 86:72 დაამარცხეს მეტოქე.

ზღვისპირელთა გამარჯვებაში ლომის წილი მილერმა, ფაცაციამ და ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი ჯგერენაიამ შეიტანეს. მათგან ყველაზე მეტი 31 ქულა მილერმა დააგროვა, რომელსაც ფაცაცია 7 ქულით ჩამორჩა. რაც შეეხება ჯგერენაიას, ამ კალათბურთელმა 13 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. სტუმართა შორის 17 ქულით და 11 მოხსნით ყველაზე კარგი შედეგი მძიმე ფორვარდმა ბექა ბექაურმა აჩვენა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი გიგი ბარბაქაძე, რომლის ანგარიშზეც 11 ქულა და 10 მოხსაა.

შეიძლება ითქვას, რომ ზუროსის წინაშე ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფაცაციამ კარგი თამაშით შესანიშნავი რეკლამა გაიკეთა.

„სოხუმი“ – „ქუთაისი-2010“ 86:72

(26:24, 22:17, 12:13, 26:18)

ამჟამად მიმდინარეობს „ოლიმპი“ - „მგზავრების“ შეხვედრა.

0.118015