საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ფრანგულ “რეიმსს” უბრუნდება. 29 წლის ნახევარმცველმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და დღეს, საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენთან” შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.
მოგეხსენებათ, ჯაბას ლიგა 1-ის წინა ტურში “ბასტიასთან” (0:1) საშინაო მატჩში ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო არ უთამაშია, თუმცა “პარკ დე პრენსზე” მრისხანე მეტოქესთან მოედნის ცენტრს ის გაამაგრებს.
ფრანგული მედია კანკავას მოედანზე დაბრუნებას “რეიმსისთვის” მნიშვნელოვნად მიიჩნევს და წინასამატჩო სტატიაში მას ასე ახასიათებს: “კანკავა, უკომპრომისო და შრომისმოყვარე ნახევარმცველი. მას რთული ბრძოლა მოუწევს მარკო ვერატისა და ტიაგო მოტას წინააღმდეგ, თუმცა ამაში ანტონო დევოც დაეხმარება”.
ჯაბას ლიგა 1-ში აქამდე 17 თამაში აქვს ჩატარებული და მათ შორის ერთი, სწორედ პსჟ-ს წინააღმდეგ პირველ წრეში. აღნიშნული მატჩი გასული წლის 19 სექტემბერს, ფრედ, 1:1 დასრულდა.