არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტანი გურამ კაშია მიიჩნევს, რომ მის გუნდს მესამე ადგილზე გასვლა შეუძლია. კაშიას თქმით, თუ “ვიტესი” მომდევნო სამ ტურში 9 ქულას მოიპოვებს, მესამე ადგილი სავსებით რეალური იქნება.
“თუ მომდევნო სამ ტურში ცხრა ქულას დავაგროვებთ, დარწმუნებული ვარ მესამე ან მეოთხე ადგილს დავიკავებთ. “გრააფსხაპთან” ჩვენ გამარჯვებას ვაპირებთ, მაგრამ ეს რთული იქნება, რადგან ასეთი თამაშები ყოველთვის რთულია.
ამიტომაც ვუყურებ აღფრთოვანებული “ბარსელონას” თამაშებს. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს მადრიდის “რეალს” ეთამაშებიან თუ ხიხონის “სპორტინგს”, ისინი ყოველ თამაშზე თანაბრად მოტივირებულნი არიან. ეს მართლაც წარმოუდგენელია”, - ციტირებს კაშიას სიტყვებს telegraaf.nl-ი.
“ვიტესი” ამჟამად ერედივიზიონში 36 ქულით მეხუთე ადგილზეა და მესამე ადგილოსან “ჰერაკლესს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. არნემელები კვირას, თბილისის დროით 15:30 საათზე, “გელბედრომზე”, ბოლო პოზიციაზე მყოფ “გრააფსხაპს” ხვდებიან, ხოლო მომდევნო ორი მატჩი “ვილემ II-თან” და კერკრადეს “როდასთან” აქვთ.