ამერიკის სტუდენტური ლიგის "ვესტ ქოუსტის" კონფერენციაში ბოლო ადგილზე მყოფმა „სან დიეგომ“ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „ბრიგჰემ იანგის“ უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და ბოლო წამებზე - 67:69 წააგო. დუდა სანაძის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მძლავრი მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხა.
სანაძემ 24 წუთი ითამაშა და სანდიეგოელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ქართველმა ფორვარდმა 10-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამიანი კი ააცილა. სანაძემ მთლიანობაში 16 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა. 34 წუთში 17 ქულა, 5 მოხნა და 4 პასი მოაგროვა სანდიეგოელმა ვასა პუსიკამ, რომელმაც ბურთი 6-ჯერ დაკარგა. გამარჯვებულთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო კაილი კოლინსვორტი.
3 მოგებითა და 12 მარცხით „სან დიეგო“ 10-გუნდიანი „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციის ბოლო ადგილზეა. მორიგი მატჩი სანაძის გუნდს კვლავ „ბრიგჰემ იანგთან“, ამჯერად სტუმრად, 21 თებერვალს ელის.