ფეხბურთი

10:56 | 20.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი და დვალი მოედანზე, ჭანტურია - სკამზე

პოლონეთის ექსტრაკლასას XXIII ტურში კვლავ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ქართველმა მცველმა ლაშა დვალმა, რომლის “შლიოსკი” გასვლაზე “იაგელონიასთან” დამარცხდა (1:2). ლაშამ, როგორც ერთი კვირის წინ კრაკოვის “ვისლასთან” (1:0) მატჩში, ამჯერადაც 90 წუთი ითამაშა. “შლიოსკი” კი 23 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-11 ადგილზეა და ამ დროისთვის გასავარდნ ზონას 4 ქულითაა მოშორებული.

ვლადიმერ დვალიშვილის “პოგონმა”, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, უშუალო კონკურენტ “პიასტთან” სტუმრად ფრედ (0:0) ითამაშა და ლიდერს ისევ 7 ქულით ჩამორჩება. ქართველი ფორვარდი “პოგონელთა” სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. მის გუნდს კი 23 ტურში 40 ქულით მესამე ადგილი უკავია.

გერმანიის II ბუნდესლიგის ღრმა აუტსაიდერმა “დუისბურგმა” გასვლაზე “ფიურტთან” ქულის მოპოვება შეძლო (1:1). სამწუხაროდ, ამაში თავისი წვლილი ქართველ თავდამსხმელ გიორგი ჭანტურიას არ შეუტანია, რომელიც 90 წუთის განმავლობაში თადარიგში დარჩა. “დუისბურგს” კი, 22 თამაშში 13 ქულა გააჩნია, კვლავაც ბოლო ადგილზეა და გავარდნის მთავარი კანდიდატია.

0.13179