დღეს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა განახლდება. ფეხბურთის განვითარების პროგრამამ დღის შუქი იხილა და იმედია, კლუბები სხვა ჟინით შეუდგებიან საქმეს. კლუბების ხელმძღვანელებს ეტყობოდათ, რომ პროგრამა მოეწონათ და ერთმანეთს უზიარებდნენ შეხედულებებს.
ამ ზამთარს ბევრი გადანაცვლებები მოხდა უმაღლესლიგელებში და უმეტესობამ უცხოური შეკრებაც გაიარა. თბილისის “დინამომ” იურაი იარაბეკის თავკაცობით 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, 4 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ვნახოთ, ჩემპიონატის მეორე წრეს როგორ განაახლებს. ზესტაფონის “დავით აბაშიძის” სტადიონიც ეგებება ეროვნულის განახლებას, ოღონდ ცხადია, “ზესტაფონის” გარეშე: იქ თერჯოლის ‘საპოვნელა” ჩაატარებს საშინაო თამაშებს და სწორედ “დინამოს” უმასპინძლებს.
“საპოვნელა” საშიშ ზონაშია, მხოლოდ 8 ქულა აქვს, თუმცა თერჯოლელთა გუნდი შემადგენლობით მოძლიერდა – გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა და ახალი მწვრთნელი ჰყავთ ზვიად ჯელაძის სახით.
დინამოელთა უახლოესი მდევარი “დილა” სამტრედიაში “კოლხეთს” ეთამაშება. მიუხედავად იმისა, რომ უჩა სოსიაშვილის გუნდმა შეკრებაზე ცუდი შედეგები აჩვენა, მაინც ფავორიტად უნდა ჩაითვალოს, რადგან არც “კოლხეთს” უდგას კარგი პერიოდი – ამ გუნდმა ვერც შეკრება გაიარა უცხოეთში და ვერც შემადგენლობა გააძლიერა.
დაძაბული უნდა გამოდგეს “საბურთალო”-“ცხინვალი”. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა შემადგენლობა შეინარჩუნა, მათ შორის, გიორგი ხარაიშვილიც, რომლის “ვიტესში” გადასვლის საკითხი ზაფხულში გაირკვევა. აი, “ცხინვალს” კი მთავარი ძალა, მეგოლე ნიკა კაჭარავა გამოაკლდა, რომელიც “როსტოვში” გადავიდა. “ცხინვალს” არ ეყოლება მცველი ლევან კაკუბავა და შემტევი ბიძინა მახარობლიძე, რომელმაც ბოლო ამხანაგურში (“მცხეთასთან” 7:0) ჰეთ-თრიქი შეასრულა.
“სიონი”-“გურია”: ბოლნისელთა შორის დიდი ცვლილებები არ მომხდარა, აი, “გურიაში” კი არაერთი ლეგიონერი გამოჩნდა და საინტერესო იქნება მათი ხილვა ჩემპიონატში. გუნდებს სხვადასხვა მიზნები აქვთ: ბოლნისელები ევროთასებზე გასვლას ცდილობენ და საამისოდ ორი გზა აქვთ – ჩემპიონატიდანაც და თასიდანაც. ლანჩხუთელები კი ბოლოდან მეოთხეზე არიან.
აუტსაიდერი “მერანი” “ტორპედოს” უმასპინძლებს და უმაღლეს ლიგაში რომ დარჩეს, შინ მაინც უნდა ეცადოს ქულების მაქსიმალურად დაგროვებას. მარტვილელებს მხოლოდ 4 ქულა აქვთ, თუმცა განწირულნი მაინც არ არიან. აი, “ტორპედოსგან” კი პირველ წრეში მეტს ელოდნენ და ამჯერად თუ გამოსწორდება სიტუაცია, გამოჩნდება.
საშიშ ზონაში მყოფი კიდევ ერთი გუნდი, “ზუგდიდი” ბათუმის “დინამოს” დაუხვდება. ბათუმელები მეშვიდე ადგილზე არიან, მაგრამ მეოთხე საფეხურზე მყოფ “სიონს” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან. მეოთხეადგილოსანი კი, შესაძლოა, ევროთასებზე მოხვდეს: გააჩნია თასს ვინ აიღებს. ორივე გუნდმა გაიარა უცხოური შეკრება, თუმცა ზღვისპირელებმა გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან გამართეს მატჩები და შედეგიც ცუდი არ ჰქონიათ.
ქობულეთში “შუქურა” “სამტრედიას” ელის. ამ გუნდებს შორის 7 ქულაა სხვაობა, იმერლები წინ არიან. ქობულეთელებს ერთი პერიოდი კარგი სერია ჰქონდათ და მერე ისევ მოუკლეს თამაშს. გია ცეცაძის გაწვრთნილი “სამტრედია” კი ხუთეულშია და მართალია, მწვრთნელმა თქვა, ევროთასებზე გასვლა მიზნად არ დაგვისახავსო, მაგრამ თუ შანსი მიეცემა, რატომაც არა?! შანსი კი, დღევანდელი გადმოსახედიდან, ნამდვილად არის.
შვიდი მატჩი ჩამოვთვალეთ და შვიდივე დღეს 14:00 საათზე იწყება. მერვე, “ლოკომოტივი”-“ჩიხურა” გაიმართება 20:00 საათზე და “სილკ უნივერსალი” გადასცემს პირდაპირ რეპორტაჟს – როგორც აქამდეც ხდებოდა. “ლოკომოტივი” შემადგენლობით უკეთესი გუნდი გახდა, არაერთი ფეხბურთელი დაიმატა (მათ შორის, კაპიტანი ნიკა ჭანტურია) და ესპანეთში კარგი შეკრებაც გაიარა. “ჩიხურა” კი უფრო გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და საინტერესოა, ახალგაზრდული “ლოკომოტივი” რამდენად ჩააბარებს გამოცდას.
და ბოლოს, ერთს ვისურვებდით: მეტი გულშემატკივარი მივიდეს სტადიონზე. მხოლოდ ერთი და იგივე ჯგუფი დადის, უმეტესობას სახეზეც კი იცნობ.
მე-16 ტური
ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”
სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი)
(პირველი წრე – 1:1)
მსაჯი: ბ. ნინუა
დისკვალიფიკაცია: გოგობერიშვილი (სიონი), ზოზულია, ირაკლი კვეკვესკირი (გურია)
ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”
საპოვნელა (თერჯოლა) – დინამო (თბილისი)
(პირველი წრე – 0:4)
მსაჯი: ჯ. ხორავა
დისკვალიფიკაცია: ქათამაძე (საპოვნელა)
სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”
კოლხეთი (ფოთი) – დილა (გორი)
(პირველი წრე – 0:2)
მსაჯი: ლ. სილაგავა
დისკვალიფიკაცია: ფალავანდიშვილი, მარცვალაძე, სამხარაძე, ქარქუზაშვილი (ყველა – დილა)
ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა
ზუგდიდი – დინამო (ბათუმი)
(პირველი წრე – 0:5)
მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი
დისკვალიფიკაცია: თუთბერიძე, წურწუმია, ლაშხია, ბულია (ყველა – ზუგდიდი)
ქობულეთი. “ჩელე არენა”
შუქურა (ქობულეთი) – სამტრედია
(პირველი წრე – 0:2)
მსაჯი: გ. ვადაჭკორია
მარტვილი. “მურთაზ ხურცილავა”
მერანი (მარტვილი) – ტორპედო (ქუთაისი)
(პირველი წრე – 0:4)
მსაჯი: გ. ყრუაშვილი
დისკვალიფიკაცია: ბაბუნაშვილი, ჭიჭინაძე (ორივე – ტორპედო)
თბილისი. “მიხეილ მესხი”
ლოკომოტივი (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე)
(პირველი წრე – 0:1)
მსაჯი: ა.ნონიკაშვილი
დისკვალიფიკაცია: დიასამიძე, ჩიხლაძე (ორივე – ლოკომოტივი)
თბილისი. “მიხეილ მესხის” სათადარიგო
საბურთალო (თბილისი) – ცხინვალი
(პირველი წრე – 2:1)
მსაჯი: გ.კიკაჩეიშვილი
დისკვალიფიკაცია: კაკუბავა, მახარობლიძე (ორივე – ცხინვალი)