უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შევარდენზე წლის მეოთხე შეკრება დაასრულეს და 16 თებერვალს, გამთენიისას სამხრეთ ამერიკულ ტურნეში გაემგზავრნენ. ვოიაჟი 6 მარტამდე გასტანს. 20 წლამდელები ჯერ არგენტინაში ‘პუმიტასთან’ (20წ არგენტინა) გამართავენ ორ მატჩს. შემდეგ, ‘ტერიტოსთან’ (20წ ურუგვაი) სათამაშოდ ურუგვაიში გაემგზავრებიან.
მატჩების განრიგი საქართველოს დროით
არგენტინა - საქართველო
20 თებერვალი, ბუენოს აირესი - 00:00 სთ
24 თებერვალი, ბუენოს აირესი - 22:30 სთ
ურუგვაი - საქართველო
28 თებერვალი, მონტევიდეო - 23:00 სთ
4 მარტი, მონტევიდეო - 23:00 სთ
გთავაზობთ worldrugby-ს მიერ მომზადებულ ნათარგმნ ინტერვიუს 20 წლამდელთა მთავარ მწვრთნელთან ილია მაისურაძესთან:
ქართულ რაგბს ნამდვილად დასამახსოვრებელი 2015 წელი ჰქონდა. ბორჯღალოსნებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატური კვალიფიკაცია მოიპოვეს, 18-წლამდელთა ნაკრებმა ახალგაზრდული რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კი ისტორიაში პირველად მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფა მოიპოვეს.
შარშან გამართულ ალაფაში მიღწეულმა წარმატებამ უმცროს ბორჯღალოსნებს მანჩესტერში გასამართ 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზური მოუპოვა, რომლებიც ივნისში ამჟამინდელ ჩემპიონ ახალ ზელანდიასა და მასპინძელ ქვეყანა ინგლისს დაუპირისპირდებიან.
მთავარი მწვრთნელის, ილია მაისურაძის განცხადებით, „ეს მათთვის უდიდესი პატივი, დიდი გამოწვევები და კარგი შესაძლებლობაა.“
„ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოში უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ თამაში“ - ამბობს მაისურაძე, რომლსაც საქართველოს ნაკრებში 21 კეპი აქვს მოხვეჭილი, მათ შორის კი 2007 წლის მსოფლიო თასზე, როდესაც ირლანდიასთან ყველაზე მცირე სხვაობით დამარცხდა საქართველო.
„ჩვენი გამოწვევაა ასეთი გუნდებს კარგი თამაში ვაჩვენოთ, მაქსიმალურად დავიხარჯოთ და ამ თამაშებიდან ის გამოცდილება მივიღოთ, რაც მომავალში მოთამაშეთა განვითარებას შეუწყობს ხელს - იმ შესაძებლობის მოსაპოვებლად, რასაც ბორჯღალოსანთა რიგებში თამაში ჰქვია.
„ასევე მთავარი გამოწვევაა, შარშანდელი ალაფის შემდეგ უკეთესი დონის რაგბის ჩვენება და ძირითადი უნარჩვევების გამყარება, რადგანაც მჯერა, რომ რაც უფრო მაღალ დონეზე თამაშობ, ძირითადი უნარები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
„კიდევ ერთი გამოწვევაა გუნდი უკეთესად მოვამზადოთ ბობოლების წინააღმდეგ სათამაშოდ, როგორებიც ჩვენს ჯგუფში მოასპარეზე გუნდები არიან (ახალი ზელანდია, უელსი, ირლანდია). ვეცდებით, ამ მატჩებიდან საუკეთესო მივიღოთ, დავინახოთ როგორ იმუშავა ჩვენმა მომზადებამ, თამაშის რა ნაწილია კარგი და რა ნაწილს სჭირდება უფრო მეტი მუშაობა.“
ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში, მაისურაძე გუნდთან ერთად 4 მატჩის გასამართად სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა - ორი არგენტინასთან იქნება (20 და 24 თებერვალი) და ორიც ურუგვაისთან (29 თებერვალი და 4 მარტი).
„სამხრეთ ამერიკული ტურნე ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ - ამბობს მაისურაძე, რომელიც 2015 წლის მსოფლიო თასის დროს მილტონ ჰეიგთან ერთად ბორჯღალოსნებს წვრთნიდა. ასევე სამხრეთ ამერიკაში გამგზავრებამდე მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატზეც იღებდა მონაწილეობას გუნდის მომზადებაში.
„ვეცდებით, რომ საუკეთესო გუნდი შევკრათ საუკეთესო თამაშის საჩვენებლად. შარშან ურუგვაისთან ვითამაშეთ და ვიცით, რომ მათ საკმაოდ სწრაფი, აგრესიული და მობილური გუნდი ჰყავთ. ეს თამაში მოვიგეთ, მაგრამ ეს გასულ წელს იყო, წარსულია და ამჯერად მომავალზე უნდა ვიზრუნოთ.
„არგენტინა ძალიან კარგი სარაგბო ქვეყანაა, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და ვფიქრობ, მათი თამაშის სტილი ჩვენს მოსამზადებელ გეგმას სრულიად ეთანხმება.“
„არგენტინა ჩვენზე უკეთესი გუნდია, მათ ძლიერი ფორვარდები, აგრესიული დაცვა, სწრაფი ხაზი ჰყავთ, რაც ძალიან კარგია, რადგანაც გვინდა საუკეთესოს შევეჯობროთ. როდესაც საუკეთესოს ეთამაშები, მაშინ ყველაზე კარგად აღმოაჩენ შენს ძლიერ და სუსტ მხარეებს.
„ამ ტურნეზე, მინდა, ბიჭებისგან პასუხისმგებლობის გრძნობა დავინახო, მათ მიერ იმის გააზრება მინდა, რომ საქართველო 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში პირველად ასპარეზობს და მჭირდება მათი მუდმივი განვითარება, რათა საუკეთესო ფორმაში იყვნენ, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად - ეს გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც მანჩესტერში ჩავალთ.
„ჩვენ ძლიერი ხასიათი გვჭირდება და გვინდა, რომ მთელი გუნდი ერთი კონკრეტული მიზნის ირგვლივ იყოს გაერთიანებული, რადგანაც მოედანზე დიდი სირთულეები ჩნდება და მთავარი, რაც მათ გააერთიანებს, სწორედ ეს იქნება. „
მაისურაძე დიდ კმაყოფილებას გამოთქვამს ვასილ ლობჟანიძესთან დაკავშირებით, რომელიც 20 წლამდელთა ალაფის დროს გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო და რომელიც, გასულ მსოფლიო თასზე ისტორიაში ყველაზე ახლაგაზრდა მორაგბის სახელით შევიდა, ის ამ გუნდსაც უერთდება მანჩესტერში.
„ეს მთლიანად ახალგაზრდული რაგბისთვის ძალიან კარგი მოვლენაა“ - აცხადებს მაისურაძე ლობჟანიძის მიღწევებზე. მსოფლიო თასზე ლობჟანიძე ნომინირებული იყო, როგორც ‘წლის აღმოჩენა’ და მას უკვე 12 ტესტი აქვს ჩატარებული საქართველოს ნაკრებში.
„ვასილისთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო შარშანდელი ალაფა, ასაკობრივ ნაკრებში მისმა ასპარეზობამ კარგი გამოცდილება მისცა და ბორჯღალოსნებში მოსახვედრად მოამზადა მსოფლიო თასისთვის. ეს ყველაფერი ძალიან დიდი მოტივაციაა ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რადგანაც ისინი ხედავენ, რომ თუ ბევრს შრომობ და გაქვს ნიჭი, ყოველთვის შეგიძლია უმაღლეს დონეზე ასვლა.
„ჩვენთვის შეუფასებელია ასეთი მოთამაშის ყოლა გუნდში, რომელმაც ეროვნული ნაკრების სახელით მსოფლიო თასზე უდიდესი გამოცდილება მიიღო. „
20 წლამდელტა ნაკრებში ლობჟანიძე ერთადერთი არ არის, ვინც ბორჯღალოსნის ტიტული მოიპოვა - ბექა გორგაძე, გიორგი თედორაძე და რეზი ჯინჭველაშვილიც ამ კატეგორიის მორაგბეები არიან.
სტატისტიკაზე, რომელიც მაისურაძეს ღიმილს გვრის, ფიქრობს, რომ ეს ქართული რაგბის მომავალია.
„ქართული ასაკორივი ნაკრებები ვითარდებიან, შარშან 18-წლამდელებმა და 20-წლამდელებმა არაჩვეულებრივი თამაში გვაჩვენეს. ქართული კლუბებიც წინ მიიწევენ და უკეთეს ახალგაზრდებს ვზრდით. რაგბის ქართულმა ეროვნულმა აკადემიამ უკვე დაიწყო მუშაობა და მალე უკეთესი მოთამაშეები გვეყოლება. ასე, რომ ვფიქრობ, ქართულ ახალგაზრდულ რაგბში ყველაფერი კარგად მიდის და კარგ ხელშია.
„ფაქტია, რომ მომავალი უფრო ნათელი ჩანს ახლა, ვიდრე ოდესმე. „
რთულია შორიდან ეს სტატისტიკა შეაფასო, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ქართული სპორტული გაზეთი ‘ლელო’ იუწყება, საქართველოში რაგბი 50.3 %-იანი პოპულარობით სარგებლობს სხვა სპორტებთან შედარებით, ფეხბურთს კი საქართველოში პოპულარობის მხოლოდ 30% უკავია.
შეგახსენებთ, რომ სამწუხაროდ მატჩები არც ტელევიზიითა და არც სთრიმით არ გადმოიცემა. აქედან გამომდინარე, ქართული რაგბის ქომაგობა ინფორმაციულ ვაკუუმში, რომ არ ვამყოფოთ, იწარმოებს უკვე ნაცადი ხერხი - ტექსტური ლაივი.
ტექსტური ლაივი თვითერზე
ტრადიციულად ტექსტური ლაივი საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე იმართებოდა, მაგრამ ამიერიდან ტექსტურ ლაივს თვითერის გვერდზე გავმართავთ.
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური თვითერი >> @GeorgianRugby
www.rugby.ge