ბერძენი სპეციალისტის ილიას ზუროსის საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის საკითხი საათების ამბავია. არსებული ინფორმაციით, საქართველოს კალათბურთის ფედერაცის სპეციალურ პრეს-კონფერენციის გამართვას პარასკევს გეგმავს და ზუროსის პრეზენტაციაც მაშინ მოხდება.
49 წლის ბერძენი მწვრთნელი თბილისში პირველად იანვრის ბოლოს იმყოფებოდა, ამ დღეებში კი საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრა და ახალ სპორტის სასახლეში “ვითას” და ფინური “ბაიზონსის” მატჩს დაესწრო, რომელიც ვთბ-ლიგის ეგიდით შედგა. ტრადიციულად, მის გვერდით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა იმყოფებოდა.
ადრევე ითქვა, რომ ზუროსთან კონტრაქტის ძირითადი დეტალები შეთანხმებული იყო, გარიგებას კი ბეჭედი მასთან კიდევ ერთი შეხვედრის შემდეგ დაესმებოდა. ახლა საორჭოფო აღარაფერია და შეგვიძლია, ილიასი საქართველოს ეროვნული გუნდის მომავალ თავკაცად თამამად მოვიხსენიოთ.
შეგახსენებთ, რომ ნაკრებისთვის ახალი თავკაცის მოძიების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იგორ კოკოშკოვთან განშორება გადაწყდა. ეს უკანასკნელი ქართველ კალათბურთელთა თავკაცი 2008 წლიდან გახლდათ და გუნდი სამ ევრობასკეტზე ათამაშა, 2015 წლის ევროპის პირველობის შემდეგ კი, მას სლოვენიელები დაუკავშირდნენ და იგორმაც ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.
საკალათბურთო სამყაროში არანაკლებ (თუ მეტად, არა) ცნობილი კაცია ზუროსი, რომელსაც 11 მარტს 50 წელი უსრულდება. მისი სამწვრთნელო პიკი 2011 წლის მარტში იყო, როდესაც საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
სწორედ ზუროსის ხელმძღვანელობით ითამაშეს ბერძნებმა 2011 წელს ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზე, სადაც მე-2 ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსაც გადაეყარნენ და 73:60 სძლიეს. მაშინ ელინებმა ტრავმირებული ზაზა ფაჩულიას და გიორგი ცინცაძის გარეშე დარჩენილი ქართველები ბოლო მეოთხედშიღა “გატეხეს” და ილიასმა იგორ კოკოშკოვს და მის გუნდს საქებარი სიტყვებიც უძღვნა.
საბოლოოდ, საბერძნეთის ეროვნულმა გუნდმა მეოთხედფინალს უწია და მომავალ ფინალისტ საფრანგეთთან 56:64 წააგო, შემდეგ სერბეთს 87:77 სძლია, ლიტვასთან კი 69:73 დამარცხდა და ევრობასკეტზე მე-6 ადგილს დასჯერდა.
აღნიშნულის შემდეგ, ზუროსმა პოსტზე დიდხანს ვეღარ გაძლო. მის ხელში ბერძნებმა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხეს, რაც მწვრთნელს ძვირად დაუჯდა.
საკლუბო ასპარეზზე ზუროსის განვლილი გზა ასეთია: “ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) – 2000-02, “საგესე” (ლიბანი) – 2003-04, “პერისტერი” (საბერძნეთი) – 2004-05, “არისი” (საბერძნეთი) – 2005-06, “პარი-ლევალუა” (საფრანგეთი) – 2006-07, “პანელინოსი” (საბერძნეთი) – 2007-10, “ჟალგირისი” (ლიტვა) – 2011, 2013, “ეფესი” (თურქეთი) – 2012, “თოფაში” (თურქეთი) – 2014-15.
გასული წლების განმავლობაში ილიასს ლიბანის ჩემპიონატი, ფიბა-აზიის ჩემპიონთა თასი, ლიტვის ჩემპიონატი და თასი და ბალტიის ლიგა მოუგია, 2010 წელს კი, როდესაც ათენის “პანელინოსს” ავარჯიშებდა, ევროთასის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.
ცხადია, საქართველოს ნაკრებში დანიშვნის შემდეგ, ზუროსის უმთავრესი მიზანი გუნდის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მესამედ გაყვანა იქნება. შეგახსენებთ, რომ წილისყრის შემდეგ, ქართველი კალათბურთელები F ჯგუფში მოხვდნენ და შესარჩევ ციკლში ჭიდილი მონტენეგროსთან, სლოვაკეთთან და ალბანეთთან მოუწევთ.