კალათბურთი

21:30 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოკოშკოვმა სლოვენიისთვის მოიცალა

სლოვენიის საკალათბურთო ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ნბა-ში “ყველა ვარსკვლავის” მატჩით გამოწვეული პაუზით ისარგებლა და ლიუბლიანაში ჩავიდა, სადაც მასმედიის წინაშე ახალ ამპლუაში პირველად წარსდგა.

საქართველოს ეროვნული გუნდის ექს-დამრიგებლის და სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის გარიგების შესახებ 18 იანვარს გახდა ცნობილი, თუმცა, 44 წლის სერბმა სპეციალისტმა სანაკრებო ამბებისთვის ახლაღა მოიცალა. მოგეხსენებათ, კოკოშკოვი “იუტა ჯაზის” სამწვრთნელო შტაბშიც გახლავთ დასაქმებული და წლის განმავლობაში ძირითად დროს სწორედ ნბა-ს კლუბს უთმობს.

“გვიხარია, რომ იგორმა ჩვენთან ჩამოსასვლელად დრო გამონახა. მასთან ტელეფონით და ელექტრონული ფოსტის საშუალებით თითქმის ყველაფერი შეთანხმებული გვქონდა, თუმცა, გარკვეულ დეტალებზე მაინც პირისპირ საუბარი სჯობდა.

კოკოშკოვს შევპირდით, რომ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის სრულფასოვნად მომზადებისთვის ყველა პირონა ექნება შექმნილი”, - განაცხადა წარსულში ცნობილმა კალათბურთელმა მატიას სმოდიშმა, რომელიც ამჟამად სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორის პოსტს იკავებს.

ლიუბლიანური შეხვედრებით კმაყოფილება გამოთქვა თავად კოკოშკოვმაც: “სლოვენიის ნაკრებში ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. ფედერაციის ხელმძღვანელობას ბევრ საკითხზე ვესაუბრე და პირობა მივიღე, რომ მოსამზადებელი ციკლი თავიდან ბოლომდე უახლოეს პერიოდში გაიწერება. მოხარული ვარ, რომ ასეთი ძლიერი ნაკრების გაწვრთნის საშუალება მომეცა”.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიის ეროვნული გუნდი ევრობასკეტ-2016-ზე გასასვლელად E ჯგუფში იბრძოლებს, სადაც მეტოქეებად უკრაინა, ბულგარეთი და კოსოვო ეყოლება. სლოვენიელები შესარჩევ ციკლს 31 აგვისტოს, შინაურ კედლებში, კოსოვოსთან მატჩით დაიწყებენ, მანამდე კი, საკმაოდ დატვირთული მოსამზადებელი პერიოდი ელით.

უკვე ცნობილია, რომ 12-14 აგვისტოს კოკოშკოვის შეგირდები ვენის ოთხთა ტურნირზე ითამაშებენ, სადაც მათ გარდა მასპინძელი ავსტრია, პოლონეთი და ისლანდია გაირჯებიან. 24 აგვისტოს სლოვენიელები მაკედონიას უმასპინძლებენ, 27-ში კი – მონტენეგროს.

სლოვენიის ნაკრები შეკრებას 20 ივლისს დაიწყებს და სმოდიშის განცხადებით, სიას კიდევ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა დაემატება. თუკი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა და იგორ კოკოშკოვის ხანგრძლივ ნაცნობობას გავითვალისწინებთ, კარგი იქნება, თუკი საკვალიფიკაციო ეტაპამდე სლოვენიაში სათამაშოდ საქართველოს ნაკრებიც ჩავა, ანაც, იქნებ მათი “მერიის თასზე” მოწვევაც მოხერხდეს.

0.116519