საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილ მოჭიდავეებს დღეს, 17 საათზე, ვაკის ფალავანთა კლუბში შეხვდება და მათგან მოისმენს, როგორ მოხვდა მათ ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი მილდრონატი. სანქციებთან დაკავშირებით კი ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი მოგვიანებით იმსჯელებს, თუკი სპორტსმენების მიერ დოპინგის მიღების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდება.
"ამჯერად მხოლოდ სიტუაციაში უკეთ გასარკვევად შევიკრიბებით. გავეცნობით მოჭიდავეების ახსნა-განმარტებებს და შევეცდებით გავიგოთ, როგორ მოხდა, რომ ყველა ერთი და იმავე პრეპარატის მიღებაშია ეჭვმიტანილი. წინასწარი ინფორმაციით, ისინი პრეპარატის მიღებას კატეგორიულად უარყოფენ” – გვითხრა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა მალხაზ ჯორბენაძემ.
საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატის 6 მედალოსნის დოპინგ-სკანდალში გახვევის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, რაც ავსტრიულ ლაბორატორიაში ჩატარებული დოპინგ-ტესტების წინასწარ პასუხებს ემყარება. ოფიციალურად დადასტურებულ წერილს კი საქართველოს ანტისადოპინგო ავსტრიიდან უახლოეს დღეებში მიიღებს.