ფეხბურთი

11:12 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ბელგიაში: ინტერვიუ ლაშა ჯაკობიასთან
“კოლხეთზე”, “გენტზე”, ქართველი ახალგაზრდების ევროპაში წასვლაზე

ორი წელია, რაც ლაშა ჯაკობიამ საფეხბურთო მენეჯერის საქმიანობა დაიწყო და მალევე, ლუკა კიკაბიძე თბილისის “ლოკომოტივიდან” ფრანგულ “ბასტიაში” გადაიყვანა. მერე იყო კიდევ სხვა ტრანსფერები – ლევან შენგელია, ჯიმი ტაბიძე და გიორგი ბერიძე ბელგიაში. ამასთან, ჯაკობია ფოთის “კოლხეთის” სპორტული დირექტორიცაა.

“მსოფლიო სპორტი” ლაშას სხვადასხვა თემაზე ესაუბრა, მათ შორის, ქართველი ფეხბურთელების ევროპაში თავის დამკვირდების სირთულეებზე. თავიდან კი “კოლხეთის” მდგომარეობაზე:

ლაშა ჯაკობია: კარგი დღეები არ გვიდგას, უცხოურ შეკრებაზე ვერ წავედით უფულობის გამო. უმაღლეს ლიგაში როგორმე უნდა დავრჩეთ, სხვა მიზანი წარმოუდგენელია. კონკურენტები ძლიერდებიან, ჩვენ კი, რა გითხრათ... ქალაქის მერია ეხმარება კლუბს და აი, ფეხბურთის განვითარების პროგრამას კი მეც მოუთმენლად ველოდები. ეს თუ გადაარჩენს ქართულ ფეხბურთს. და კიდევ, შესაძლოა, ფოთში ჩავატაროთ საშინაო მატჩები. ეს თუ მოხდა, ძალიან კარგი იქნება.

- როგორ წარმოგიდგენია განვითარება?

- სასტარტო ბიუჯეტის შემდეგ, როცა კლუბში სამუშაოები დაიწყება ინფრასტრუქტურის მხრივ და ფული იქნება, სპონსორებიც დაინტერესდებიან.

- რომელ სტადიონზე ითამაშებს “კოლხეთი” და როდის გადაწყდება ეს საკითხი?

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გვეხმარება ამ საკითხის გადაწყვეტაში და დიდი მადლობა მათ. რაგბის კავშირთან აქვთ მოლაპარაკებები, რათა რაგბის სტადიონზე ვითამაშოთ. მხოლოდ ვითამაშოთ, ვარჯიშზე არ ვლაპარაკობთ. ვნახოთ, მალე გაირკვევა.

- ევროპისკენ გადავინაცვლოთ. ტაბიძე და ბერიძე ბელგიური “გენტის” დუბლებში შენი მეშვეობით მოხვდნენ, ასევე შენგელია პირველლიგელი ”ტუბიცეს” ძირითად გუნდშიც. როგორ უყურებენ ამ ფეხბურთელების პერსპექტივას?

- ბერიძემ გუშინწინ 4:1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ჯერ დუბლებშია, მაგრამ ისიც და ტაბიძეც, სავარაუდოდ, ზაფხულიდან გადავლენ ძირითად გუნდში. ორივენი ძალიან მოსწონთ. მაგალითად, ტაბიძემ ძირითად გუნდშიც ჩაატარა ამხანაგური მატჩები. ბერიძის პრობლემა ის იყო, რომ ლავიწი მოიტეხა და ორი თვე გაუცდა, მაგრამ რაც მინდორს დაუბრუნდა, კარგად გამოიყურება. ბელგიის დუბლების ჩემპიონატი დაბალი დონე სულაც არაა, საკმაოდ მაღალი ტემპია – ისეთი, საქართველოს ჩემპიონატში ვერც ნახავთ. ძირითადი გუნდების თამაშის მეორე დღეს დუბლების მატჩებია და როგორც წესი, ძირითადიდან 6-7 ფეხბურთელი ემატებათ დუბლებს.

- ტაბიძისა და ბერიძისგან განსხვავებით, შენგელია 16-17 წლის ასაკში გამორჩეული არ ყოფილა, მაგრამ “ტუბიცეში” კარგად თამაშობს და შესაძლოა, მისი გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდეს კიდეც...

- გამორჩეული იქნებოდა კიდეც, რომ დაეფასებინათ. არ ათამაშებდნენ და ბოლოს ”კოლხეთში” წავიყვანე. კარგი ცაცია აქვს, შეტევას მშვენივრად ანვითარებს. ბელგიაში ძალიან მოსწონთ, ტექნიკაც მაღალ დონეზე აქვს და ფიზიკურადაც დაიხვეწაო. შეეგუა მაღალ ტემპს. ლევანი “ტუბიცეში” რომ ჩავიდა, თავიდან კოჭის ტრავმა მიიღო, მერე გაუჭირდა, მაგრამ რაც მეორე წრე დაიწყო, საუკეთესოა გუნდში.

- საერთოდ, უცხოურ კლუბებში ქართველებს უჭირთ ფეხის მოკიდება, იქაურ დატვირთვებს ძნელად ეგუებიან, ან საერთოდ ვერ ეგუებიან. ანუ, ტაბიძე, ბერიძე და შენგელია პროგრესირებენ ამ მხრივ?

- დიახ და ეს მახარებს. სისწრაფეებთან შეგუება უჭირთ ჩვენებს. ძალიან რთულია, საქართველოს ჩემპიონატიდან წახვიდე და უცებ შეეგუო მაღალი დონის კლუბის მოთხოვნებს. ”გენტი” მაღალი დონის გუნდია და ამას ამტკიცებს როგორც ქვეყნის ჩემპიონატში, ასევე ჩემპიონთა ლიგაშიც. ამიტომაც სჯობდა, რომ ბერიძესა და ტაბიძეს ჯერ დუბლებიდან დაეწყოთ. რომ ამბობენ, ზოგიერთი ქართველი ფეხბურთელი ნაადრევად მიდის ევროპაშიო, სწორედაც 18 წლის ასაკში თუ შანსი აქვთ, მაშინვე უნდა წავიდნენ, ოღონდ რეალობის გათვალისწინებით: უნდა დაიწყონ დუბლებიდან, მერე კი მოუმატონ და ნელ-ნელა აიწიონ ზემოთ. არ მჯერა იმის, რომ ვიღაც ჩაგრავთ. კარგი ფეხბურთელი ყველგან სჭირდებათ. ეგაა, ადგილობრივს უნდა აჯობო, თორემ სხვაგვარად ურჩევნიათ, რომ თავისიანი დააწინაურონ.

- ლუკა კიკაბიძეზეც: ის “ლოკომოტივიდან” საფრანგეთის უმაღლესი ლიგის “ბასტიაში” მოხვდა, მაგრამ ერთი სეზონის შემდეგ მესამე ლიგაში გაანათხოვრეს, ერთი თვის წინ კი “ლოკომოტივში” დაბრუნდა. ზედმეტად ძლიერი არ იყო მისთვის “ბასტია”? თან 19 წლის ახალგაზრდისთვის.

- ალბათ, ასეც იყო. კიკაბიძე თავიდან პირველ გუნდში ჰყავდათ, “ბასტიას” მაშინ კლოდ მაკელელე წვრთნიდა. მისი წასვლის შემდეგაც დაიტოვეს პირველ გუნდში, მაგრამ არ გამოვიდა საქმე, ვერ მოუმატა ლუკამ.

- ახლა რომელიმე ქართველის უცხოეთში წაყვანაზე მუშაობ?

- ამ ეტაპზე არა, მაგრამ დავიცდი, 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდებია. ისე, ძალიან მომწონს გიორგი ხარაიშვილი და ვფიქრობ, დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. საერთოდ, “საბურთალოს” მიდგომა მომწონს, კარგად ზრდიან ფეხბურთელებს და ფეხბურთელობის გარდა, პიროვნებებადაც აყალიბებენ. უცხოეთში მხოლოდ ფეხბურთს არ უყურებენ, პიროვნულ თვისებებსაც აკვირდებიან, ყველას მოსწონს ზრდილობიანი და თავმდაბალი ადამიანები. გამოვარჩევდი მწვრთნელ გუბაზ დოლიძესაც, რომელიც მართლაც კარგ საქმეს აკეთებს, ბევრ ფეხბურთელს უზრდის საქართველოს, მათ შორის არიან ბერიძე და შენგელიაც. ასევე, ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია...

- “გენტზე” გექნება ინფორმაცია, როგორ მიაღწია ამხელა პროგრესს? ბელგიაში მეხუთე-მეექვსე გუნდი იყო, შარშან ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ახლაც პირველ ადგილზეა და თან ჩემპიონთა ლიგაში “ვალენსია” და “ლიონი” ჩატოვა ჯგუფში.

- დაახლოებით 6-7 წლის წინ დაიწყეს ახალგაზრდებზე დაყრდნობა, ნელ-ნელა სწორი სელექციით მოვიდნენ აქამდე. ახლა ჩემპიონთა ლიგიდან დიდი ფული შეუვიდათ, ფაქტობრივად, ბიუჯეტის ერთი მესამედი შეადგინა ლიგაში ნაშოვნმა თანხამ. ბერიძე და ტაბიძე 2-3 წლის წინ რომ მისულიყვნენ ამ ფორმაში, დამიჯერეთ, “გენტის” ძირითად გუნდში მოხვდებოდნენ, მაგრამ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე არიან გადართულები და გამოცდილ ფეხბურთელებს ეყრდნობიან.

- რამდენია “გენტის” ბიუჯეტი?

- დღესდღეობით, დაახლოებით 65 მილიონი. აქვთ ახალი სტადიონი, რომელიც ორი წლის წინ გაიხსნა და მართლაც ულამაზესია. ვიცნობ კლუბის დირექტორს, მიშელ ლუაჟს და ცნობილ მენეჯერ მიშელ ენგოტთან ძალიან კარგი ურთიერთობაც მაქვს. ის იყო “სტანდარდის” სპორტული დირექტორი, როცა ამ გუნდში მოვხვდი სრულიად ახალგაზრდა. მისი აღმოჩენილები არიან ედენ აზარი, ტიბო კურტუა და სხვები. საერთოდ, ბელგიის ჩემპიონატია გაძლიერებული. ასეთი ძლიერი ნაკრები რომ ჰყავთ და ევროპის ჩემპიონობაზე ფიქრობენ, სწორედ ბელგიის ჩემპიონატიდან წასული ფეხბურთელების ხარჯზე ხდება. ბოლო წლებში ჰოლანდიის ჩემპიონატს გაუსწრეს. ინგლისის პრემიერლიგაში ბელგიიდან უფრო მეტი ფეხბურთელი მიჰყავთ, ვიდრე ჰოლანდიიდან. ეს იმიტომ, რომ ბელგიაში უფრო სწრაფი ტემპია, უფრო ნაკლებია სივრცე და გრანდ ჩემპიონატს უფრო მომზადებული ხვდები.

0.113874