ფეხბურთი

19:05 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ხარჯავანიძემ კანდიდატურის მოხსნის მიზეზი განმარტა

საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტობის აწ უკვე ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი ხარჯავანიძემ კანდიდატურის მოხსნის მიზეზები განმარტა.

გთავაზობთ ოფიციალურ განცხადებას უცვლელი სახით:

“მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 12 თებერვალს, როგორც საქართველოს ფუტსალის ასოციაციის რიგგარეშე ყრილობის პრეზიდენტობის კანდიდატმა, წერილობითი ფორმით უარი განვაცხადე მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში. მსურს განვმარტო დეტალები აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ.

ჩემს მიერ კანდიდატურის მოხსნა გამოიწვია იმან, რომ შევხვდი მოსარჩელე მხარეს და მათ წარმომიდგინეს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ დღევანდელ სფა-ს მმართველობას, თბილისის საქალაქო სასამართლოში (საქმე ნომერი: 2/18019-13, მოსამართლე ქ-ნ მაია სვიანაძე) წაგებული აქვს საქმე. მეტიც, ამა წლის 21 აპრილს, სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი.

დამატებით გავეცანი საქართველოს იუსტიციის მინისტრის ქ-ნ თეა წულუკიანის ბრძანება 112 -ს, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 16 დეკემბერს, 19.4 პუნქტი, რაც ითვალისწინებს საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცებას - ცვლილებას (2010 წლის წლის 15 იანვრის ნომერი 4 ბრძანება). ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ დამარეგისტრირებდა, როგორც საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს, რაც გულისხმობს (სასამართლო დავის დასრულებამდე) ვიქნებოდი არალეგიტიმური პრეზიდენტი და სრულფასოვნად ვერ განვახორციელებდი წესდებით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რადგან მიმდინარეობს აღნიშნულ ორგანიზაციაში სამართლებრივი დავა.

გავიარე რა კონსულტაციები ჩემი მხარის იურისტებთან, აღნიშნული იურიდიული გარემოების გათვალისწინებით, როგორც მოქალაქე, რომელიც პატივს ვცემ მართლმსაჯულებას, ქართულ კანონმდებლობას და შესაბამის ნორმატიულ აქტებს, გადავწყვიტე დაველოდო სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო შესაბამისი გადაწყვეტილება” - აღნიშნულია ირაკლი ხარჯავანიძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფუტსალის ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართა და პრეზიდენტად ოთარ ხიზანეიშვილი აირჩიეს.

0.120817