ფეხბურთი

18:53 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ ხიზანეიშვილი: “მასობრიობის კუთხით უნდა დავიწყოთ”
ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი გახდა  

დღეს საქართველოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი აირჩიეს – ოთარ ხიზანეიშვილი. მას კონკურენტი აღარ ჰყავდა, ერთადერთი კანდიდატი გახლდათ. ირაკლი ხარჯევანიძემ, რომელმაც ადრე წამოაყენა კანდიდატურა, თავისი ნებით მოხსნა რამდენიმე დღის წინ. ხიზანეიშვილი ორი წლის ვადით აირჩიეს პრეზიდენტად, შემდეგ კი ახალი არჩევნები გაიმართება და პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით აირჩევენ.

ფუტსალის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა "მსოფლიო სპორტთან" ისაუბრა:

“სამუშაო ძალიან ბევრია და უპირველესად, ფუტსალის მასობრიობაზე უნდა ვიზრუნოთ. ერთ გუნდად უნდა შევიკრათ და პოპულარობა უნდა შევძინოთ ამ სახეობას. ვივლი საჯარო სკოლებში, დავაინტერესებ ბავშვებსა და ჭაბუკებს. რეგიონებში ჩავატარებთ ჩემპიონატებს.

...მნიშვნელოვანი იქნება ჩემპიონატის გაძლიერება და კონკურენციის შექმნა. ეს უფრო ძლიერს გახდის ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც ავთო ასათიანი თავკაცობს. ყველასთან მზად ვარ თანამშრომლობისთვის. მინდა, რომ საფეხბურთო კლუბებიც ჩართონ ფუტსალში და ასევე, ჩვენი ასოციაცია სტრუქტურულად ისევ დაუბრუნდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას” - აღნიშნა ოთარ ხიზანეიშვილმა.

ხიზანეიშვილი ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ. 20 მატჩი ჩაუტარებია ეროვნულ ნაკრებში და დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა, ჰოლანდიელი იოჰან ბოსკამპის მწვრთნელობისას. 19 წლისა გადავიდა მოსკოვის “სპარტაკში”, მერე კი გერმანიაშიც ითამაშა – “ფრაიბურგსა” და “აუგსბურგში”. საუკეთესო პერიოდი სწორედ “ფრაიბურგში” ჰქონდა. ოთხი წლის წინ ოთარი დაბრუნდა საქართველოში და “დინამოში”, “დილაში”, “სიონსა” და “ზესტაფონში” ითამაშა.

0.143803