ტურინის “იუვენტუსის” მცველ ლეონარდო ბონუჩის სამედიცინო გამოკვლევამ სერიოზული დაზიანება არ დაადასტურა. როგორც იტალიური გამოცემები წერენ, 28 წლის ფეხბურთელს იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩი “ბოლონიასთან” გაუცდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნთან” თამაშს შეძლებს.
შეგახსენებთ, ბონუჩიმ ტრავმა შაბათს, “ნაპოლისთან” (1:0) მატჩისას მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად, 52-ე წუთზე დატოვა და ტურინელთა ბანაკში შიში გაჩნდა, რომ გუნდს კიდევ ერთი წამყვანი მცველი გამოკლდებოდა. მოგეხსენებათ, “იუვეს” ლაზარეთში კიდევ ორი ცენტრალური მცველი ჰყავს, ჯორჯო კიელინი და მარტინ კასერესი. “იუვენტუსი” კი “ბაიერნს” 23 თებერვალს დაუხვდება.