ქართულ ჭიდაობაში ახალი სკანდალი აგორდა. ამჯერად შიდა დაპირისპირება არაფერ შუაშია. საქმე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების წევრთა და კანდიდატთა მიერ დოპინგის მიღებას ეხება. წინასწარი ინფორმაციით, აკრძალული პრეპარატის კვალი 6 სპორტსმენის ორგანიზმში აღმოჩნდა, რომელთა ვინაობაც საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოსთვის უკვე ცნობილია, მაგრამ კონკრეტული გვარები ჯერ არ სახელდება.
ქართული ჭიდაობის კულუარებში მოსალოდნელ დოპინგ-სკანდალზე საუბარი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიწყო. საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტები და ბრინჯაოს პრიზიორები დოპინგზე შეამოწმეს და სინჯები ავსტრიულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ოფიციალური დასკვნისთვის დაახლოებით ერთი თვე იყო საჭირო, მაგრამ ერთ-ერთმა ტიტულოვანმა მოჭიდავემ ბრალი მაშინვე აღიარა და სამუდამო დისკვალიფიკაციისგან გადასარჩენად დახმარება ითხოვა.
სამუდამო დისკვალიფიკაციით სპორტსმენი დოპინგ-სკანდალში მეორედ გახვევის შემთხვევაში ისჯება.