ჭიდაობა

17:15 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელების 4 მედალი კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს

13 თებერვალს კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების 5 მოჭიდავე გავიდა ხალიჩაზე და აქედან ოთხმა მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედლები გოგა აფრიამაშვილმა (71) და ვასილ იმერლიშვილმა (98) დაისაკუთრეს, ბრინჯაოს მფლობელები კი გიორგი ჯავახია (71) და თორნიკე ძამაშვილი (80) გახდნენ.

აფრიამაშვილმა (71) მოლდოველი დანიელ კატარაგა და უკრაინელი ოლეგ ანტონოვი 8:0 დაამარცხა, ნახევარფინალში თანაგუნდელ ჯავახიას მინიმალური ანგარიშით 3:2 მოუგო, ფინალში კი ირანელ აზიმ გარმსირისთან 3:5 დამარცხდა.

ჯავახიამ ალჟირელ ბოუჯემლინს და უკრაინელ ბოჰდან კაბინს 8:0 მოუგი, მესამე ადგილისათვის შეხვედრაში კი ხსენებული ანტონოვი 8:0 დაამარცხა.

ძამაშვილმა (80) ირანელი იოუსეფ აკბარი 7:2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე ირანელ მაჰდი ფალაჰამიდაბადისთან 3:6 წააგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში თორნიკემ უკრაინელ ანდრეი ბელიხს 8:0 მოუგო.

ვასილ იმერლიშვილმა (98) ფინალამდე უკრაინელი მიკოლა კრისოვი და ირანელი დავუდ განირანგი ერთნაირი ანგარიშით – 4:0 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ დმიტრი ტიმჩენკოსთან დათმო შეხვედრა 1:13.

გოდერძი დავითაძემ (59) პირველ შეხვედრაში უკრაინელ ბალიცკის 3:1 სძლია, მომდევნო შეხვედრაში კი იევგენ მიაგკისთან დამარცხდა და სანუგეშო წრეში გადაერთო. იქ ქართველმა უკრაინელი ანდრეი მარტინიუკი დაამარცხა, მესამე ადგილისათვის შეხვედრაში კი უკრაინელ დმიტრო ციმბალიუკთან ვერას გახდა (4:12) და ასპარეზობა მეხუთზე ადგილზე დაასრულა.

დღეს, 14 თებერვალს, ტურნირის ბოლო დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილის დარჩენილი 66, 75, 85 და 130 კატეგორიის ფალავნები გავლენ. საქართველოს სახელით გიორგი დავითაია, არჩილ თურმანიძე (ორივე – 66 კგ), გიორგი დათუნაშვილი (74 კგ.), ვლადიმერ გეგეშიძე (85 კგ.) და ლევან არაბული (130 კგ.) იასპარეზებენ.

ერთი წარმომადგენელი გვეყოლება თავისუფალ ჭიდაობაში. ის თორნიკე ალადაშვილი გახლავთ, რომელიც 86 კგ კატეგორიაში იჭიდავებს.

www.wrestling.ge

0.161532