ესპანეთის მეორე ლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო ბექა ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტმა“. ლაკორუნიული გუნდი სტუმრად უშუალო კონკურენტს ხვდებოდა. ამ ტურამდე ბურჯანაძის გუნდი და ბურგოსელები ცხრილში გვერდი-გვერდ იყვნენ და მათ შორის გამარჯვებაც ორივესთვის დიდად ფასობდა.
დაძაბულ ორთაბრძოლაში ლაკორუნიელებმა 86:82 იმარჯვეს. ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. ქართველმა ფორვარდმა 21 წუთში 12 ქულა, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. ბექამ 7-დან 3 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ლაკორუნიელთა შორის ყველაზე მეტი – 15 ქულა მიხაელ მონაჰანმა მიითვალა, 14 ქულა კი სერხიო ოლმოსის ანგარიშზეა.
„ლეიმა ბასკეტმა“ ამ მოგებით ცხრილში მე-7 ადგილზე აინაცვლა და დღეისთვის 11 მოგება და 10 მარცხი აქვს. მორიგ შეხვედრას ლაკორუნიელები 21 თებერვალს შინ, „კასტელოსთან“ გამართავენ.
www.gbf.ge