ბლოგი

17:50 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბირჟა

ამასწინათ, ერთ-ერთმა ჩვენებურმა ფეხბურთელმა ინტერვიუს დროს ერთგვარი სიამაყით თქვა, რომ ბირჟაზე მდგარა, ახლაც ხშირად დგას და მომავალშიც დადგება, რადგან მისი აზრით ბირჟა ადამიანს “კაცობას” ასწავლის.

სამწუხაროდ, ეს არაა პრველი შემთხვევა და ბევრისგან ხშირად მოგვისმენია თუ როგორი სიამაყით იხსენებენ ახალგაზრდულ წლებს და სულ იმას უსვამენ ხაზს თავის დროზე ”ქუჩურ-კაიბიჭურში" როგორ არ იჭრებოდნენ. ასეთმა ადამიანებმა დაამკვიდრეს ”ნამდვილი ვაჟკაცის" მეტად მცდარი და არ შევცდები თუკი ვიტყვი, სულელური პროტოტიპი.

დღეს ბევრს ჰგონია, რომ სწორედ ის ადამიანია ნაღდი ვაჟკაცი, რომელიც წარმოთქმულ ყველა წინადადებაში ჟარგონებს ხმარობს, ძველბიჭურად ცხვირში დუდღუნით ლაპარაკობს და ჩაცუცქვა ცხოვრების წესად აქვს ქცეული. მით უმეტეს გულსატკენია, როდესაც ეს ყველაფერი სპორტსმენისთვისაა ფასეული.

სტუდენტობისას ერთხელ, რუსთაველის გამზირზე ფურცელაძის ქუჩის კუთხეში ასე, 45 წლის ბიძაკაცმა გამაჩერა, შესახედად არც გადაცმულ პოლიციელს ჰგავდა და არც არყისათვის ფულისმგროვებელ ლოთს და არც კი დავფიქრებულვარ ისე დავყევი მის თხოვნას - ”უახლოეს სადარბაზოში ჩავმსხდარიყავით საბაზროდ". ბნელ სადარბაზოში შევედით თუ არა, კაცმა 16 წლის მოძველბიჭო თინეიჯერივით შარვლის ტოტები ზლაზვნით აიწია, ფეხები ოდნავ მოხარა, ცალ მუხლზე დაყრდნობით ჩაიცუცქა და ბიძაკაცისათვის შეუფერებელი ტონით მითხრა: "ძმაკუშ, მოდი აბა ერთი აქეთ, ორი სიტყვა ვთქვათ". არ გაინტერესებთ რაზე მელაპარაკა ეს კაცი?! მითხრა, რომ ფეხბურთელი შვილის “ზბორებზე “ გაშვება უნდა, ფული აკლდება და “კაცურში” უნდა დავეხმარო. ვაშა ამ ახალს საქართველოს!

როგორ გინდა ასეთ ტიპს ხელი გაუმართო? ადამიანს, რომელიც ერთბაშად მათხოვარიცაა, ძველი ბიჭიც, სპორტის მოამაგეც, ქურდების ძმაც. ასეთი ადამიანებით სამწუხაროდ სავსეა ჩვენი ქვეყანა.

თბილისი მგონი მთელს მსოფლიოში ერთადერთი ქალაქია, სადაც უბნური სეპარატიზმი ყოველდღიურ ცხოვრების წესადაა ქცეული, ამან თავისი გამოხატულება ბირჟებსა და ბირჟებზე გავრცელებული ჟარგონების განსხვავებულობაშიც ჰპოვა. სულ სხვადასხვანაერად იქცევიან, მეტყველებენ და "დვიჟენიობენ" ვაკელი, გლდანელი, დიდუბელი და ავლაბრელი ძველი ბიჭები. მე მათი ამოცნობა სიარულის მანერითაც კი შემიძლია.

ძალიან ძნელია საქართველოში ნახოთ ისეთი კაცი, რომელსაც ბირჟაზე დგომის პერიოდი არ გამოევლოს, ზოგისათვის ეს პერიოდი ”ქუჩის აკადემიის გაცნობა-შეცნობის" ხანაა, ზოგისათვის უქმად დაკარგული საათები, ზოგისთვის კი ერთადერთი გამოსავალი. სწორედ ქართულ ბირჟებზე ყალიბდება ის სიტყვა-გამოთქმები თუ ქცევის წესები, რომლებსაც შემდეგში მთელი ქვეყნის ძველბიჭობა ერთხმად აიტაცებს ხოლმე. ამიტომაც, უკვე აღარ მიკვირს ჩვენი ფეხბურთელები უცხოეთში რომ ძველბიჭობენ და მათ ეს ქცევა ხშირად კარიერის უკუსვლადაც კი უჯდებათ ხოლმე. მაგრამ აბა რა, ქართველობას ხომ არ დაკარგავენ?!...

ამ დროს კი, ქართველობა კი არა, მგონი ყველაფერი დავკარგეთ...

0.124153