ფეხბურთი

18:09 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად ჯელაძე თურქული შეკრებით კმაყოფილია

თერჯოლის „საპოვნელამ“ თურქული შეკრება დაასრულა. გუნდი ათი დღის განმავლობაში ანტალიაში, დაბა სიდეში ემზადებოდა, სადაც ზვიად ჯელაძის შეგირდებმა ოთხი სპარინგ-მატჩი გამართეს. ორი ფრედ ითამაშეს, ორში კი დამარცხდნენ. სერბულ „ნოვი პაზართან“ 0:0, ყაზახურ „კასპიისთან“ 0:1, მოლდოვურ „ზიმბრუსთან“ 1:1, ბულგარულ „ბეროესთან“ 0:6.
„საპოვნელას“ მთავარმა მწვრთნელმა, ზვიად ჯელაძემ კლუბის პრესსამსახურთან საუბრისას აღნიშნა, რომ თურქული შეკრება ნაყოფიერი გამოდგა და გუნდი დასახული მიზნის შესასრულებლად მზადაა.
ზვიად ჯელაძე: შეკრებამ ნაყოფიერად და კარგად ჩაიარა. თურქეთში ათი დღის განმავლობაში ინტენსიურად ვემზადებოდით. 15 ვარჯიში და ოთხი საკონტროლო მატჩი გავმართეთ. ამ საკონტროლო თამაშებმა ბევრი რამ დაგვანახა. გუნდი ფაქტობრივად ათი დღეა რაც სრულფასოვნად ბუნებრივ საფარზე ვარჯიშობს. პირველ ყოვლისა მინდა მადლობა ვუთხრა კლუბის ხელმძღვანელობას, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ყველას ვინც ორგანიზება გაუკეთა ამ შეკრებას. გუნდი კარგად მოემზადა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს, ბიჭები თავდაუზოგავად შრომობდნენ, მუშაობდნენ და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით ათი დღის განმავლობაში სწორი მიმართულებით გვემუშავა. ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს, მხოლოდ მიკროტრავმები აწუხებს რამდენიმე ფეხბურთელს, მაგრამ 19 თებერვლისთვის ყველა მწყობრში იქნება.

-დასრულებულია თუ არა ამ ეტაპზე გუნდის დაკომპლექტება?

- კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ფეხბურთელთან, სელექცია მუდმივი პროცესია და გუნდს სულ სჭირდება განახლება.

-19 თებერვალს ეროვნული ჩემპიონატი განახლდება. როგორ ხვდება გუნდი საგაზაფხულო სეზონს?

- უმაღლეს ლიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ. რაც შეიძლება მალე უნდა გავცდეთ გასავარდნ ზონას. გუნდში ერთსულოვნება და საბრძოლო განწყობაა. ჩვენ მზად ვართ დასახული მიზნის მისაღწევად.

0.110163