ამბობენ, კარგი მეკარე ნახევარი გუნდიაო – ალბათ, ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი ნამდვილდაა. თავად განსაჯეთ, გაცილებით გააზრებულია იმ გუნდის თამაში, რომლის კარსაც საიმედო მეკარე იცავს. კიპერის კარგ თამაშს სრულად შეუძლია მთელი გუნდი აიყოლიოს, რამაც მერე კონკრეტული მატჩიც მოიგოს.
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა “ფრანს ფუტბოლმა” თავის მკითხველებში გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვინაა ყველა დროის საუკეთესო მეკარე. ბევრისთვის მოულოდნელი იყო ფაბიენ ბარტეზის მეორე ადგილზე გასვლა და იქვე, მავანმა იმას დააბრალა, რომ გამოკითხვაში ძირითადად ფრანგები მონაწილეობდნენ. თუმცა, თუმცა პირველ ადგილზე იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონი გავიდა და ბევრს კითხვაც არ გასჩენია.
ჯიჯი ის ადამიანია, რომელსაც ასაკს ვერ შეატყობთ. ვერც იმას, რომ დიდ ფეხბურთში უკვე 20 წელიწადია – იტალიელ “მონსტრს” შეგიძლიათ 90 წუთი უყუროთ და სიამოვნება ისე მიიღოთ, როგორც დიეგო მარადონას თამაშისგან. ჰო, ბევრისთვის ფეხბურთი სანახაობაა, სანახაობა კი უპირველესად გოლთან ასოცირდება. აბა, ბუფონი რა ფეხბურთელია ჯერ გოლიც არ გაუტანია და მეტიც, იქეთ უშლის მეტოქეებს კარის დალაშქვრაში ხელს. მაგრამ...
მაგრამ, რამდენი სეივი გინახავთ ჯიჯის შესრულებით, რომელიც ნებისმიერ ლამაზ გოლს სჯობდა ანაც არაფრით ჩამოუვარდებოდა. რამდენჯერ ჩაგირთავთ და გიყურებიათ ამ გენიალური მეკარის საოცარი თამაში... ჯიჯი ბუფონზე ერთი წიგნის დაწერაც თავისუფლად შეიძლება და ადვილი შესაძლებელია ერთი საკმარისიც არ გამოდგეს.
არავინ იცის, ხვალ რა მოხდება, მაგრამ დღეს ჯანლუიჯი ბუფონი მართლაც საუკეთესოა. ამაზე მისი განვლილი გზა მოწმობს, ამაზე ისიც მოწმობს, რომ მიუხედავად არასაფეხბურთო ასაკისა, მსოფლიოში დღესაც საუკეთესოა და როცა საუბარი კარის დარაჯებზე მიდგება, ჯერ ბუფონს იხსენებენ, მერე სხვებს... თქვენი არ ვიცი და, მე არ მახსენდება მეკარე, რომელიც ასეთი სტაბილური ყოფილიყოს. ჩემი ღრმა რწმენით, ფეხბურთელი არც გუნდური ჯილდოებით ფასდება და არც პირადი... რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, მაგრამ მთავარი მაინც არაა.
თუნდაც, ჯიჯის არასდროს მოუგია ჩემპიონთა ლიგა – სამაგიეროდ, ირჟი დუდეკს მოუგია (ეს მაგალითისთვის, თორემ პოლონელ კიპერს არაფერს ვერჩი და ვუწუნებ). ბუფონს არც “ოქროს ბურთი” მოუპოვებია, მაგრამ მერე რა?! – სამაგიეროდ იგორ ბელანოვს აქვს მოგებული ან თუნდაც ფაბიო კანავაროს... სხვათა შორის, მიკერძოებაში რომ არ ჩამითვალოთ, გეტყვით, რომ კანავარო ერთ-ერთია, ვისი თამაშის ყურებაც ყოველთვის მხიბლავდა, მაგრამ მომიტევეთ და ბუფონის დარ ფეხბურთელად ვერ მივიჩნევ. ჰო, კანავარო რამ გამახსენა და, 2006 წელს, ჯიჯი “ოქროს ბურთის” მოგებასთან ახლოს იყო, თუმცა ზემოხსენებული “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში სწორედ კანავაროს ჩამორჩა. დიდწილად, ტანდაბალი სტოპერის გამარჯვება იმ წელს ჩატარებულმა მუნდიალმა განაპირობა. არადა, იმავე მუნდიალზე რომ არა ბუფონი, კანავარო “ოქროს ბურთისა” და მუნდიალის ოქროს მედლის გარეშეც დარჩებოდა. მინდა ერთი ეპიზოდი გავიხსენო გერმანიის მსოფლიო პირველობიდან, რის გამოც მივიჩნევ, რომ მაშინ იტალიის გაჩემპიონებაში ჯიჯის წილი ყველაზე დიდი იყო...
ფინალური მატჩის დამატებით დროში, გენიალურმა ზინედინ ზიდანმა, სანამ მარკო მატერაცის თავს სამატიანედ მოუქნევდა, იგივე გაუკეთა ბურთს, მაგრამ ვინ დააცადა?! – ჯიჯიმ “ზიზუს” ძლიერ დარტყმულს დიდებული ნახტომი შეაგება და მერე რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით... არადა, ზიდანი სწორედ კანავაროს წერტილიდან უტევდა და ფაბიოც იმ მომენტში თამაშს ჩამორჩენოდა... იმავე მუნდიალზე ბუფონის კარის აღება მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა შეძლო – ფინალში ზიდანმა, ისიც პენალტით და მანამდე კრისტიან ძაკარდომ – ძაკარდო იტალიელი იყო, ისევ თანაგუნდელი თუ გაუტანდა თორემ, ბუფონი გოლის გაშვებას სულაც არ აპირებდა.
დიდების ზენიტში იყო და, გადაწყვიტა “იუვენტუსისთვის” ეერთგულა და გუნდს სერია B-ში გადაჰყვა. არადა, იმხანად “ნუმერო უნოს” ევროპის ნებისმიერი ბობოლა გუნდი სიამოვნებით მიიღებდა და ნებისმიერ პირობაზე დასთანხმდებოდა, მაგრამ ჯიჯისთვის ფულზე და გუნდურ ჯილდოებზე მნიშვნელოვანი სხვა რა იყო – ხალხის სიყვარული!
ეს კი, “ბოფონ’იშშეს” ნამდვილად არ აკლია და არც არასდროს მოაკლდება – იგი ერთ-ერთია იმათგან, ვისზეც შეგვიძლია ვთქვათ: “ხალხის ფეხბურთელი”... თუ ვინ იყო ფეხბურთის დასაბამიდან დღემდე საუკეთესო მეკარე, დავა ალბათ ყოველთვის გაგრძელდება, რადგან გემოვნების ამბავია და ესეც მიუხედავად იმისა, რომ გემოვნებაზე არ დავობენო ნათქვამია... და იმის მიუხედავადაც, რომ ჯიჯი ბუფონის მსგავსი ჯერ მართლაც არ ყოფილა... იტალიაში მას “ნუმერო უნოს” ეძახიან და, მართლაც ასეა – ნომერი პირველია, არამხოლოდ მაისურის, არამედ კლასისა და განვლილი გზის გამო...