ჭიდაობა

1:00 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალთა ნაკრები მედვედის ტურნირისთვის მინსკში ემზადება

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 7 თებერვლიდან ერთობლივ შეკრებას გადის მინსკში “სტაიკების” ოლიმპიურ ბაზაზე.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის რევაზ მინდორაშვილის და უფროსი მწვრთნელების არჩილ ქიტიაშვილის, ალეკო კახნიაშვილის, დავით პოღოსიანის და ემზარი ბედინეიშვილის განკარგულებაშია ნაკრების უკლებლივ ყველა ლიდერი დავით მოძმანაშვილის (125) გარდა, რომელიც ნაკრებს შეკრებაზე ტრავმის გამო ვერ შეუერთდა. მოძმანაშვილის ნაცვლად ევროპის ჩემპიონატზე, სავარაუდოდ, გენო პეტრიაშვილი იჭიდავებს.

შეკრების დასრულებისთანავე, საქართველოს ნაკრები, 18-19 თებერვალს, მინსკში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ალექსანდრე მედვედის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ტრადიციულად ძლიერი შემადგენლობა იყრის თავს მასპინძელი ბელარუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან.

მედვედის ტურნირზე ერთი წარმომადგენელი გვეყოლება ქალთა ჭიდაობაშიც. ის რუსეთიდან ახლახანს გადმობარგებული ქართული წარმომავლობის ლიანა ალმეევაა (მამით – მაჭარაშვილი). ალმეევამ ჭიდაობის ფედერაციის დახმარებით ორმაგი მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს სახელით 53 კგ-ში იჭიდავებს. ქალ მოჭიდავეთა ნაკრებს ბესო გუჩაშვილი ავარჯიშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი

61 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე

65 კგ – კონსტანტინე ხაბალაშვილი

70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი, დავით ტლაშაძე

74 კგ – იაკობ მაქარაშვილი, ავთანდილ კენჭაძე, ჯუმბერ ყველაშვილი, ზურაბ ერბოწონაშვილი

86 კგ – დავით მარსაგიშვილი, სანდრო ამინაშვილი, ირაკლი მწითური

97 კგ – ელიზბარ ოდიკაძე

125 კგ – გენო პეტრიაშვილი, გიორგი საკანდელიძე, გიორგი მეშვილდიშვილი

www.wrestling.ge

0.104021