საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების წევრები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ესტუმრნენ და მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს შეხვდნენ.
დახურულ კარს მიღმა საუბრის ერთ-ერთი მიზეზი ქართულ ძიუდოში ბოლო კვირებში აგორებული დაპირისპირებაც იყო, რაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა, ნაკრების მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ და თავად მინისტრმაც დაადასტურეს. ძიუდოისტებმა კი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
"პირველ ყოვლისა, ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცეთ პარიზის გრან სლემზე წარმატებულად გამოსვლა. ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, სამწვრთნელო შტაბთან და სპორტსმენებთან ერთად ასევე ვისაუბრეთ მოსამზადებელი პროცესისა და სამომავლო გეგმებს შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ცხადია, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისათვის მზადებაზე გამახვილდა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში ქართულ ძიუდოში განვითარებულ მოვლენებსა და პრობლემატურ საკითხებზეც. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ძიუდოს ნაკრებისთვის საუკეთესო პირობების შექმნას, ხოლო ის დაძაბულობა რამაც გარკვეული მიზეზების გამო თავი იჩინა, დროებითი იყო და წარსულს უნდა ჩაბარდეს” – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.