საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ეზეკიელ ლავესი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. როგორც ESPN-ი იუწყება, 29 წლის ფორვარდის ახალი ნავსაყუდელი საფეხბურთო კლუბი “ჰებეი” იქნება. აზიაში ლავესი ორი წლის განმავლობაში დარჩება და ამ ხნის განმავლობაში ანაზღაურების სახით არც მეტი, არც ნაკლები, 50 მილიონ ევროს მიიღებს.
არგენტინელმა ფეხბურთელმა სახელი იტალიურ “ნაპოლიში” თამაშით გაითქვა, სადაც 2007-2012 წლებში გამოდიოდა, ხოლო მას შემდგომ პსჟ-ს წევრი იყო. მიმდინარე სეზონში ლავესის პარიზში სათამაშო დრო არცთუ ხშირად ეძლეოდა, თანაც დამდეგ ზაფხულს გუნდთან კონტრაქტი ეწურებოდა. რაც შეეხება “ჰებეის”, ამ გუნდმა ლავესიმდე კიდევ ერთი ცნობილი თავდამსხმელი, კოტ დივუარელი ჟერვინიო დაიმატა.