საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სეოკ-ის შტაბ-ბინაში ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ბორიჩიჩს და ვიცე-პრეზიდენტს რენატო არენას უმასპინძლა. საპატიო ევროპელ სტუმრებს ახლდა საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ჩაჩუა.
ევროპული ფრენბურთის მაღალჩინოსნები საქართველოში 2017 წელს თბილისში გასამართი ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საორგანიზაციო საქმიანობის გასაცნობად და ჩვენს ქვეყანაში ფრენბურთის შემდგომი განვითარების აქტუალურ საკითხების განსახილველად ჩამოვიდნენ.
“ჩვენთის დიდი პატივია ევროპის ჩემპიონატის ორგანიზება და მასპინძლობა. მემკვიდრეობა და გამოცდილება, რომელიც ევროპის ახალგაზრდულმა ფესტივალმა “თბილისი 2015” დაგვიტოვა, ბუნებრივია, იმის იმედს გვაძლევს, რომ 2017 წელს თბილისში გასამართი ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მაღალ დონეზე ჩატარდება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მზადყოფნას გამოხატავს, გაუწიოს დახმარება საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას აღნიშნული ღონისძიების წარმატებით ორგანიზებაში” – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
შეხვედრაზე საქართველოში ფრენბურთის პოპულარიზაციასა და მისი მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ითქვა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მწვრთნელების გადამზადება და ცოდნის გაღრმავება ამ სფეროში.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ოლიმპიურ იდეალებს. საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია ახალგაზრდა ორგანიზაციაა, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება. ვცდილობთ მოვახდინოთ ლობირება, როგორც საქართველოში ადგილობრივ დონეზე, ასევე ევროკავშირში, სოკ-ში, ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებში. ამ თემაზე ვესაუბრეთ პრეზიდენტ პატრიკ ჰიკს, რომელმაც მხარდაჭრა აღგვითქვა” – აღნიშნა ალექსანდრ ბორიჩიჩმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა სეოკ-ის მუზეუმი დაათვალიერეს.
www.geonoc.org.ge