ფეხბურთი

19:08 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

როგორ ფასდება სკაუტი
მაჰრეზისა და კანტეს აღმომჩენი “არსენალმა” გადაიბირა

ბენ რილგსვორტის სახელი საქართველოში, ალბათ, ცოტას თუ სმენია. ის “ლესტერის” სკაუტია და სახელი გაითქვა იმით, რომ რიად მაჰრეზი და ნგოლო კანტე აღმოაჩინა. ცნობისთვის, კანტე 5,6 მილიონ ფუნტად იყიდეს “კანიდან”, ხოლო მაჰრეზი სულ რაღაც 400 000-ად გადაიყვანეს “ლე ავრიდან”.

როგორ გამოადგა “ლესტერს” ეს ორი ფეხბურთელი, ამაზე აღარ გავაგრძელებთ. 400 000-ად ნაყიდი მაჰრეზი, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დაასახელონ. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი ალბათობაა.

და აი, ბენ რილგსვორტიც ინგლისში ცნობილი კაცი გახდა, დაუფასდა და გაცილებით მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ სხვა კლუბში გადავიდა: ლონდონის “არსენალში”.

“ბრწყინვალე პიროვნებებთან ერთად ვიმუშავე, “ლესტერში” სამწელიწადნახევარი დავყავი, ახლა კი “არსენალში” ვიწყებ. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ უნდა დავტოვო კლუბი, რომელიც მუდამ ჩემს გულში დარჩება” – ამბობს რილგსვორტი.

სხვათა შორის, “არსენალს” “ლესტერის” სკაუტიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სტივ უოლშის გადაბირებაც სურს, მაგრამ ჯერ არ გამოსდის: კონტრაქტის თანახმად, “ლესტერისთვის” მილიონი ფუნტი უნდა გადაიხადოს.

ასე ფასდებიან ადამიანები, რომლებიც არაფრისგან სასწაულ ტრანსფერს “მოარტყამენ”. საქართველოში ეს სამსახური თითქმის დავიწყებულია, ან ყურადღებას არ აქცევენ, არადა, მიხედვა სჭირდება. თვალი თქვი, თორემ ტალანტი ყველგან შეიძლება ნახო და ოცმაგადაც კი დაგიფასდეს.

დაახლოებით ორი კვირის წინ გვქონდა სტატია სკაუტიზმზე, თუმცა რა გამოვა ამ საქმიდან, ჯერ რთული სათქმელია.

0.121738