თურქული შეკრების ბოლო შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედო” ბულგარეთის მე-2 პროფლიგის წარმომადგენელ “ვერეიას” გაეჯიბრა და 3:1 მოიგო. სტარაზაგორელებს “ტორპედოსთან” დაპირისპირებამდე 2 საკონტროლო თამაში ჰქონდათ გამართული და ორჯერვე ფრედ ეთამაშათ (უნგრულ “ბეკეშჩაბასთან” – 1:1 და საჩხერის “ჩიხურასთან” – 4:4), ამდენად, პირველი მარცხი განიცადეს.
ქუთაისელთა პრეს-სამსახურის ცნობით, პირველ ტაიმში თამაში თანაბარი გამოდგა. მეტოქეები ფრთხილობდნენ და ბურთი ძირითადად საჯარიმოებს შორის ტრიალებდა. აქედან გამომდინარე, რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა.
21-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის წაქცევისათვის დანიშნული საჯარიმო დაახლოებით 20 მეტრიდან ირაკლი კლიმიაშვილმა შეასრულა, მაგრამ ჩარჩოს ააცილა. 39-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძე მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა და კარში დაარტყა, ბურთი მცველის ფეხიდან კუთხურზე გადავარდა. ბულგარელთაგან ერთი-ორჯერ ჯუნეიტმა შეუტია სახიფათოდ, თუმცა, მის გარჯას შედეგი არ მოჰყოლია.
მეორე ნახევარში პირველი სახიფათო დარტყმა გიორგი ქიმაძემ განახორციელა და მცირედით ააცილა, 55-ე წუთზე კი “ტორპედო” მდევრის როლში აღმოჩნდა. მარცხენა ფლანგზე წამოწყებული იერიშის შემდეგ, ქართული გუნდის კარი ანგელ კოსტოვმა დალაშქრა.
ამის შემდეგ, სრულ სათამაშო უპირატესობას ტორპედოელები დაეუფლნენ და დიდი ძალებითაც უტევდნენ. 67-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ მარცხენა ფრთიდან შეასრულა სტანდარტული, ბურთი მოპირდაპირე მხარეს საჯარიმოში ჩაჰკიდა, საიდანაც ვანო წილოსანმა თავით დაუგდო ბურთი თორნიკე კაპანაძეს და – 1:1.
ათ წუთში ბულგარელებმა მე-2 გოლიც მიიღეს და ისევ კაპანაძისგან, რომელმაც კარგად გამოიყენა გიორგი ქიმაძის ფლანგური გადაცემა. “ელვას” (კაპანაძის მეტსახელი – რედ.) ხუთიოდე წუთში მესამეს გატანაც შეეძლო, როდესაც ვაჟა ტაბატაძის პასს დროულად გამოეხმაურა, მაგრამ ხარიხას ოდნავ გადააცილა.
და მაინც, თორნიკემ კიდევ ერთხელ ისახელა თავი. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე,'”ვერეიას” მცველმა საკუთარ საჯარიმოში თენგიზ ბრეგვაძე წააქცია და ბულგარელთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. მართალია, ტორპედოელთა “შტატიანი” პენალტისტი გიორგი კუხიანიძეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჰეთ-თრიკის შესასრულებლად დარტყმა “ელვას” მიანდეს და მანაც მეკარე უშანსოდ დატოვა – 3:1.
9 თებერვალი. სიდე. “სიდესტარის” სპორტკომპლექსის მთავარი არენა. საკონტროლო მატჩი
“ტორპედო” (ქუთაისი) – “ვერეია” (სტარა ზაგორა, ბულგარეთი) – 3:1 (0:0)
“ტორპედო”: ხაინდრავა (ქვილითაია, 46), ტაბატაძე, ნერგაძე (ჭიჭინაძე, 56), მირცხულავა (ნიკონოვი, 73), ქიმაძე, კლიმიაშვილი (მამასახლისი, 63), კუხიანიძე (კ), ტუღუში (საღრიშვილი, 46), წილოსანი (კვარაცხელია, 82), კაპანაძე, შინდაგორიძე (ბრეგვაძე, 46).
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი.
გოლები: 0:1 კოსტოვი (55), 1:1, 2:1, 3:1 კაპანაძე (67, 77, 88 პენ.)
გაფრთხილება: წილოსანი (54).