ფეხბურთი

11:30 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე მაგარი ქართველი!

20 წლის წინ ერაყის დაბომბვის მერე ბაღდადში რადიკალი ფანატიკოსების მიერ ქრისტიანების დევნას გამოქცეული მართლმადიდებელი აისორების - აიოსების ოჯახი იორდანიაში აღმოჩნდა. სამშვილიანი ოჯახის თავკაცი იოახანი მეუღლის, ჯულიეტას გარდაცვალებამ ლამის გაანადგურა და ორ გოგონასთან ერთად ამერიკას მიაშურა, უმცროსმა ალენ აიოსმა კი რამდენიმეწლიანი ხეტიალის შემდეგ საქართველოში ჰპოვა ნავსაყუდელი, ისევე როგორც ორი ათასი წლის წინ მისმა უამრავმა თანამემამულემ. აქ ალენმა თავი ისე იგრძნო, როგორც საკუთარ სახლში, ქართველი გოგონა ნინო შეირთო ცოლად, ტურისტული სააგენტო დააარსა, ქალ-ვაჟი, ანა და გაბრიელიც შეეძინათ და თავის ახალ სამშობლოში საკუთარი მიზნების განხორციელებას შეუდგა...

ალენი ფეხბურთელი იყო და ბაღდადის ალ ჯეშლიში თამაშობდა. ბავშვობიდან მადრიდის რეალს გულშემატკივრობდა და ოცნება საქართველოში აიხდინა - საფეხბურთო გუნდი რეალ ვარკეთილი ჩამოაყალიბა, მიზნად უმაღლეს ლიგაში გადასვლა და უეფას ტურნირებზე ნამდვილ რეალთან შერკინება დაისახა...ალენმა ძველი დოსტები მოძებნა, ბაღდადის საფეხბურთო კლუბის ალ შურტას

პრეზიდენტი რიად აბდულაბას ატიაჰ ალზუბაიდი და არც მეტი-არც ნაკლები - თბილისის გარეუბან ვარკეთილში საფეხბურთო სტადიონისა და ბაზის აშენება შესთავაზა! მეგობრებმა პროექტი შეადგინეს, რომელიც ალენმა ფეხბურთის ფედერაციას აახლა. ლევან კობიაშვილმა პროექტი დეტალურად განიხილა და სპორტის მინისტრთან უშუამდგომლა, ტარიელ ხეჩიკაშილი კი სწორედ იმითაა ცნობილი, კატეგორიულად ეწინააღმდეგება სტადიონების გასხვისებას და მათ შენარჩუნებას უწყობს ხელს. პროექტის კონტროლი თქვენს მონა-მორჩილს დაევალა და როდესაც ვარკეთილში მივედი, ალენმა და მისმა მწვრთნელმა დავით მაჩიტიძემ დეტალურად გამაცნეს ყველა წვრილმანი. თავს არ შეგაწყენთ და წარმოდგენილ ფოტოებზე დაათვალიერეთ თბილისის ზღვასთან რამდენიმე ასეულ მეტრში, კორპუსებში ჩაძირული მომავალი საფეხბურთო ოაზისის ხედები! ჩვენი ასირიელი მეგობრები ახლა მხოლოდ ნებართვას ელოდებიან და წელს, ამ შემოდგომაზე გვექნება აქ მეორე კატეგორიის სტადიონი (რომელზეც უმაღლესი ლიგის მატჩების გამართვა იქნება შესაძლებელი), კიდევ ერთი დახურული მოედანი, საცურაო აუზი, საკალათბურთო დარბაზი, საოფისე ფართები, 500 ფეხბურთში ჩაბმული ვარკეთილელი პატარა, დასაქმებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, 7 ახალი მწვრთნელი და ათასობით ჯანმრთელად გაზრდილი ქართველი (გუნდში მხოლოდ ქართველი ფეხბურთელები მეყოლებაო, ალენმა)...

პ.ს. ბოლო წელია, ლამის შევეწირე სტადიონებზე კორპუსების მშენებლობას და შეადარე მკითხველო, სტადიონზე კორპუსების ამშენებელ გაზლუქებულ ქართველ (და ესტონელ) ვაიბიზნესმენებს, ასირიელი ქრისტიანი ალენ აიოსი, რომელიც ვარკეთილში მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს და ჩვენი სამშობლოს ჯანმრთელი მომავლის მშენებელთა ავანგარდშია! მის მიერ ახლადდაარსებულ, მთლიანად ქართველი ბიჭებით დაკომპლექტებული რეალ ვარკეთილს კი მეორე ლიგაში მეორე ადგილი უჭირავს და სერიოზულად ეთამაშება პირველი ლიგის საგზურს!

დიახ, მე ასირიელი ალენ აიოსი დღეს ყველაზე მაგარ ქართველად მიმაჩნია!!!

-ღმერთმა გაგიმარჯოს ალენ აიოს!!!

მამუკა კვარაცხელია

0.151034